სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) აცნობა, სომხეთში სწავლების ჩატარების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
„ვფიქრობ, რომ აქ არის გაუგებრობა, რადგან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს წერილობით უკვე აცნობა, რომ სომხეთში წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში 2023 წელს იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების ნაწილებისა და უცხო სახელმწიფოების ეროვნული არმიების ნაწილების ერთობლივი წვრთნა - რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ, სომხეთის ტერიტორიაზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამშვიდობო კონტინგენტთან ერთობლივი სწავლება „ურღვევი ძმობა - 2023“.
2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
ასევე ნახეთ ლაჩინის ბლოკირება გრძელდება - სომხეთი მოსკოვის დახმარების იმედს კარგავსერევანი ადრეც აკრიტიკებდა მოსკოვს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, არ ასრულებს მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ნაკისრ ვალდებულებას. ფაშინიანმა თქვა, რომ ლაჩინის დერეფანში კრიზისი გრძელდება და ჰუმანიტარული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
ასევე ნახეთ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთი არ ასრულებს მთიან ყარაბაღში კონტროლის ვალდებულებასსომხეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი გზის გადაკეტვის შემდეგ, საკვებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიწოდება შეწყდა და რეგიონი ჰუმანიტარულ კრიზისთან ახლოსაა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ერევანს შეგნებულად შეცდომაში შეჰყავს საერთაშორისო პარტნიორები, რათა გააგრძელოს უკანონო ქმედებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
ლაჩინის დერეფანი სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ის 12 დეკემბრიდანაა ბლოკირებული მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულმა აზერბაიჯანელმა გარემოსდამცველმა ქალაქ შუშასთან გააპროტესტა "ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო მოპოვება" და სომხეთში გატანა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, საუბარია დემირლისა და გიზილბულაგის საბადოებზე, სადაც ოქროს, სპილენძსა და სხვა ლითონებს მოიპოვებენ. სომხეთში დარწმუნებული არიან, რომ "ეკოლოგების აქცია" აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერაა მართული.