Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთი არ ასრულებს მთიან ყარაბაღში კონტროლის ვალდებულებას


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი ფაქტობრივად, არ ასრულებს მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ნაკისრ ვალდებულებას. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფაშინიანმა თქვა, რომ ლაჩინის დერეფანში კრიზისი გრძელდება და ჰუმანიტარული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანახმად, აზერბაიჯანის მიერ დერეფნის "უკანონოდ დაბლოკვის" გამო, ასეულობით ოჯახი ერთმანეთისგან გაყოფილია და მთიან ყარაბაღში პირველადი საჭიროების პროდუქციის, მათ შორის სურსათის დეფიციტი იქმნება.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტით, ლაჩინის დერეფანი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშაა, აზერბაიჯანმა კი, უნდა უზრუნველყოს ამ დერეფნით მოქალაქეების, ტრანსპორტის და ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილება. ფაშინიანის შეფასებით, დღეს ეს პუნქტი ფაქტობრივად, არ მუშაობს და ვალდებულებას არც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი ასრულებს.

ლაჩინის დერეფანი სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ის 12 დეკემბრიდანაა ბლოკირებული მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეულმა აზერბაიჯანელმა გარემოსდამცველმა ქალაქ შუშასთან გააპროტესტა "ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო მოპოვება" და სომხეთში გატანა. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, საუბარია დემირლისა და გიზილბულაგის საბადოებზე, სადაც ოქროს, სპილენძსა და სხვა ლითონებს მოიპოვებენ. სომხეთში დარწმუნებული არიან, რომ "ეკოლოგების აქცია" აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერაა მართული.

XS
SM
MD
LG