რას უჩვენებს „600 უკრაინელის დახოცვაზე“ რუსეთის ცრუ ინფორმაცია

ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ კრამატორსკში რუსეთის თავდასხმის შემდეგ „600 ჯარისკაცის სიკვდილი“ სიყალბეა

კიევი „სისულელეს“ უწოდებს მოსკოვის მტკიცებას ქალაქ კრამატორსკში 600 უკრაინელი ჯარისკაცის დახოცვაზე. რუსეთის ცნობებს არ ადასტურებენ არც დამოუკიდებელი წყაროები.

რუსულ სამხედრო ანალიტიკურ წრეებში თავდაცვის სამინისტროს მწვავედ აკრიტიკებენ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო. დასავლელი ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ "შურისძიების" სტრატეგიას მოსკოვისთვის უკუშედეგი მოაქვს.

„შურისძიების ოპერაცია“

კვირას, 8 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკზე მისი შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმას 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირის „განადგურება“ მოჰყვა.

სახელმწიფო უწყების განცხადებით, რუსეთის უშიშროების სამსახურებმა დაადგინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებითი განთავსების ადგილები და გაიგეს, რომ:

  • „28-ე საერთო საცხოვრებელში 700-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა,
  • 47-ე საერთო საცხოვრებელში - 600-ზე მეტი“.

სამინისტროს მტკიცებით, სწორედ ამ ორ პუნქტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად „განადგურდა“ 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო.

ზუსტად ახალი წლის ღამეს მაკეევკაში უკრაინელებმა Himars-ის სარაკეტო სისტემებით შეუტიეს რუს სამხედროებს, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იყვნენ გამაგრებულები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ თავდასხმის შედეგად 89 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა უკრაინის ცნობით, მსხვერპლი გაცილებით მეტია, - „განადგურებულია“ 400-მდე რუსი ჯარისკაცი.
ასევე ნახეთ მაკეევკა - ახალი წლის აფეთქება 00:01 საათზე - მოსკოვი განტევების ვაცს ეძებს

„სისულელე“

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მსხვერპლის შესახებ რუსეთის გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

სერჰიი ჩერევატიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერმა „სისულელე“ უწოდა „600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის განადგურებას“ და განაცხადა, რომ რუსების თავდასხმებმა კრამატორსკში მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაფერი დაშავებიათ“

დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსმა, პავლო კირილენკომ კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანდა „საგანმანათლებლო დაწესებულება, ინდუსტრიული შენობა და გარაჟი კოოპერატივი“. მანაც განაცხადა, რომ ამ თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე ნახეთ კრამატორსკში არ არის აღმოჩენილი რუსეთის "შურისგების ოპერაციის" არანაირი კვალი

„ტყუილი“

რუსეთის სახელმწიფო უწყებებს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე კადრი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

ამის მიუხედავად, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი „დარწმუნებულია“ თავდაცვის სამინისტროს ცნობების სიზუსტეში და დასძინა:

„კრემლს სრული ნდობა აქვს [სამინისტროს ინფორმაციისა]. შეგახსენებთ პრეზიდენტის სიტყვებს, რომლის თანახმადაც ინფორმაციის მთავარი წყარო თავდაცვის სამინისტროა“, - თქვა მან 9 იანვარს.

თუმცა საერთაშორისო მედიის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად იკვეთება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პესკოვის განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად:

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ მისმა რეპორტიორებმა მოინახულეს ის ორი შენობა, რომლის მიზანში ამოღებაზეც კონკრეტულად მიუთითებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა აღმოაჩინეს, რომ:

„შენობებზე არც პირდაპირი დარტყმები არ მიუყენებიათ და არც სერიოზული დაზიანება აღენიშნებათ; არც იმის ნიშნებია, რომ იქ ჯარისკაცებს ეცხოვრათ, და არც ცხედრებისა თუ სისხლის კვალია შესამჩნევი“.

რუსეთის დაბომბვის შედეგი. კრამატორსკი, უკრაინა. 2023 წლის 8 იანვარი, REUTERS

ამერიკული CNN-იც გადმოსცემს, რომ ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ჩავიდა კრამატორსკში, თუმცა ვერც შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე და ვერც ქალაქის მორგში „მასობრივი განადგურების“ კვალი ვერ აღმოაჩინა.

კრამატორსკის 28-ე და 47-ე საერთო საცხოვრებლები მოინახულა იტალიური „ლა რეპუბლიკის“ ჟურნალისტმა, დანიელე რაინერიმ. აი, რას წერს იგი ტვიტერზე:

„ვამოწმებ პირველ ადგილს: რაკეტა სამიზნეს ასცდა, დატოვა დიდი ორმო ნიადაგში და არ შეხებია გარშემო მდებარე შენობებს. ვამოწმებ მეორე ადგილს: რუსული რაკეტა კვლავ ასცდა სამიზნეს. შენობის წინ დიდი ორმოა დარჩენილი. შენობა ცარიელია. ეგ არის და ეგ“.

იმავეს ადასტურებს ფინეთის საზოგადოებივი მაუწყებლის რეპორტიორი, ანტი კურონენი და წერს, რომ ადგილობრივების თქმით, მათ არც სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა გაუგაით.

„შურისძიების სტრატეგია რუსეთისთვის ცუდად მოქმედებს“ - ISW

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW-ის) ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ გარემოებაზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასეთ პრაქტიკას, - ასე ვთქვათ, „შურისძიების სტრატეგიას“, - მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინაში ომის მომხრე რუსი სამხედრო კომენტატორები.

მაგალითად, რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერთან" დაკავშირებული ტელეგრამ-არხის, Grey Zone-ის ადმინისტრატორებიც წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასახელებული ორი ობიექტი კრამატორსკში, სადაც თითქოს 600-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს, რეალურად არ დაზიანებულა, და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო სამინისტროს აკრიტიკებენ:

„ჩვენთვის ჯერაც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით გადაწყვიტა, რომ შიგნით მაშინვე დაიღუპა 600 უკრაინელი ჯარისკაცი, თუკი თვითონ შენობას [რაკეტა] არც კი მოხვედრია (მეტიც - სინათლეც კი არ ჩამქრალა). ჩვენთვის გაურკვეველია, როგორ გადასცეს ასეთი ინფორმაცია და რა დონეზე გადაწყვიტეს „ქულების ჩაწერა“... მტრის ჯარისკაცების რეალური განადგურების ნაცვლად, - რაც საკადრისი პასუხი იქნებოდა, - მივიღეთ შურისგების მედიაოპერაცია“.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ იხსენებს 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის თავდასხმებს უკრაინულ ობიექტებზე, - რასაც ასევე „შურისძიების ოპერაცია“ უწოდეს, - რაც ყირიმის ხიდზე აფეთქებას მოჰყვა. რუსი სამხედრო კომენტატორები მაშინაც აკრიტიკებდნენ თავდაცვის სამინისტროს, რადგან მიაჩნდათ, რომ უწყების პასუხი შესაფერისად მწვავე არ ყოფილა.

ISW-ის თანახმად, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რუსი სამხედრო ბლოგერების მსგავსი უარყოფითი რეაქციის გათვალისწინებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკან უბრუნდება.