დასავლეთის მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ვერ აღმოაჩინეს უკრაინელი სამხედროების მასობრივად განადგურების კვალი, როგორც ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება.
8 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში, რუს სამხედროებზე 1 იანვარს განხორციელებული თავდასხმის პასუხად ჩაატარეს „შურისგების ოპერაცია“ და კრამატორსკში გაანადგურეს 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთო საცხოვრებლის შენობაში იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობამ.
8 იანვარს, კრამატორსკი მართლაც დაიცხრილა, თუმცა, ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტებმა ქალაქსა და მის შემოგარენში ვერ ნახეს დიდი მსხვერპლის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება. Reuters-ის კორესპონდენტების ცნობით, კრამატორსკის ორ საერთო საცხოვრებელს პირდაპირი სარაკეტო დარტყმის არანაირი კვალი არ აქვს და არც იმის არანაირი ნიშანია, რომ რომელიმე შენობაში უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ. მათ პოზიციებზე დარტყმის და დიდი მსხვერპლის რაიმე კვალი ვერც ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა აღმოაჩინა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ეჭვი შეიტანეს რუსმა სამხედრო ბლოგერებმაც, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ თანამოაზრეებად ითვლებიან.
ახალი წლის ღამით, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემებით HIMARS ზუსტი იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დადასტურებული აქვს 89 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, მაკეევკაში გაანადგურეს რუსეთის მიერ საომრად მობილიზებული 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ.