2023 წელი - რას ნიშნავს "უკრაინა გაიმარჯვებს"?

ხანძარი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ. ხარკოვის ოლქი, 2022 წლის მარტი.

 2023 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. პოლიტიკოსები, სამხედროები თუ ექსპერტები საბრძოლო მოქმედებების დასრულებასაც წინასწარმეტყველებენ და მათი პროგნოზები, ძირითადად, იმედის მომცემია უკრაინისთვის.

ამვე დროს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ განმარტონ ამ პროგნოზებსა თუ საერთაშორისო ლიდერებისა და ორგანიზაციების განცხადებებში გამოყენებული ტერმინები - ნიშნავს თუ არა „უკრაინა გაიმარჯვებს“ იმას, რომ „რუსეთი დამარცხდება“? და რას ნიშნავს „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს“?

ერთი რამ ცხადია ყველასთვის - უკრაინა მზად არის თავგანწირული, თავდაცვითი ბრძოლის გასაგრძელებლად და დამპყრობლების განსადევნად ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან; საერთაშორისო პარტნიორები ასევე მზად არიან ამ პროცესში ბოლომდე დაეხმარონ უკრაინას; ხოლო რუსეთს ძლიერი მოკავშირეები არ ჰყავს.

  • როგორი შეიძლება იყოს ომის დასასრული?
  • ნიშნავს თუ არა საომარი მოქმედებების დასრულება ომის დასრულებას?
  • რა ჩაითვლება უკრაინის გამარჯვებად და რუსეთის მარცხად?

"უკრაინა გაიმარჯვებს"

გამარჯვებაში, პირველ რიგში, დარწმუნებულია თავად უკრაინა. ქვეყანამ მიზნად დაისახა ტერიტორიების სრული გათავისუფლება - არა მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვლამდე, არამედ 1991 წელს არსებულ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ამ მიზანს, სოციალური ქსელების საშუალებით, უკრაინელებს ხშირად ახსენებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკიც.

„2023 გამარჯვების წელია... ამოცანა მკაფიოა - 1991 წლის საზღვრებზე გასვლა“ - წერს ერმაკი ახალი წლის პირველ დღეებშიც.

ყირიმის ნახევარკუნძულისა და დონეცკ-ლუგანსკის ოლქების დაბრუნება ერთადერთი მიზანი არ არის კიევისთვის. პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ნოემბერში გასაჯაროებული 10-პუნქტიანი გეგმის მოთხოვნები ტერიტორიების გათავისუფლებისა და ბირთვული უსაფრთხოების გარდა ითვალისწინებს - სასურსათო, ენერგეტიკული, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სამართიანობის აღდგენასა და „ომის დასრულების დამოწმებასაც“ კი.
ზელენსკის ადმინისტრაცია ამ გეგმას "სამშვიდობო გეგმას" უწოდებს. ექსპერტების შეფასებით, ეს გეგმა რუსეთის კაპიტულაციის ტოლფასია.

უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი და ამის შესახებ ხშირად ტვიტერზეც წერს.

ჰოჯესის პროგნოზით, უკრაინა ყირიმს აგვისტოს ბოლოსთვის დაიბრუნებს; ხოლო ამისთვის დასავლეთმა კიევს დაპირებული იარაღი უნდა მიაწოდოს და სანქციებიც ძალაში დატოვოს. „უფრო ადრეც იქნებოდა [ყირიმის გათავისუფლება], შორი მოქმედების ზუსტი იარაღი რომ მიგვეწოდებინა“ , - დაწერა გენარალმა ჰოჯესმა 2 იანვარს, როცა გაზიარებული რუკით რუსეთის პოზიციების სიმწირეს გაუსვა ხაზი.

2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აშშ-მა უკრაინისა და ნატოელი მოკავშირეებისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოყო.
5 იანვარს გამოცხადდა, რომ აშშ უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემს Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, აღჭურვილს 25-მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხით და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები ორი დანადგარით. მოელიან, რომ Bradley მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობას. მანამდე, კიდევ ერთ გარღვევად ჩაითვალა აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის მიწოდების შესახებ.
ასევე 5 იანვარს გაირკვა, რომ უკრაინას Patriot-ის დამატებითი ბატარეა გერმანიისგანაც გადაეცემა. თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაადასტურა.
საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, 4 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინას AMX-10 RC-ის მსუბუქ დაჯავშნილ მანქანებს გადასცემს; რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მნიშვნელოვან სიახლედ ჩათვალა.

დეკემბერში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ მინიშნა, რომ უკრაინის მიერ მოთხოვნილი ყველა ტიპის შეიარაღების მიწოდებამ შესაძლოა დაარღვიოს მოკავშირეების ერთობა უკრაინის დახმარების ფლანგზე. თუმცა მანამდე, დიდი ხნის განმავლობში, სისტემა Patriot-ის მიწოდებაც ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურებოდა.

ასევე ნახეთ იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: "მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის"

უკრაინის გამარჯვებაზე ლაპარაკობს ნატოს გენერალური მდივანიც.

იენს სტოლტენბერგის აზრით, გამარჯვების აღიარება მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხდება და ამ მიზნის მისაღწევად, მოკავშირეებმა უკრაინის დახმარება უნდა გაააქტიურონ.

ომების უდიდესი ნაწილი სამშვიდობო მოლაპარაკებებით სრულდება. ალბათ ასევე იქნება ამ ომშიც... თუ გვინდა, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ დააფიქსიროს მდგომარეობა, რომ უკრაინამ გამარჯვება მოიპოვა, როგორც ევროპის სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ, უკრაინა მხარდაჭერით უნდა უზრუნველვყოთ. მათ შორის სამხედრო მხარდაჭერით... ეს არის ერთადერთი საშუალება, დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და აღიაროს უკრაინა, როგორც ევროპის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო,“ - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუმცა სტოლტენბერგი უკრაინის სწრაფ გამარჯვებას არ მოელის. მისი სიტყვებით, უკრაინის არმიის წარმატებებმა კიევის სწრაფად გამარჯვების ილუზია არ უნდა შექმნას და საჭიროა მომზადება „გრძელი გზისთვის“.

18-19 იანვარს, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტმა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დაგეგმა. წინასწარი ინფორმაციით, სხვა საკითხებს შორის ასევე განიხილება უკრაინისთვის დახმარების საკითხი.

ნიშნავს თუ არა ტერიტორიების დაბრუნება ომის დასრულებასა და უკრაინის გამარჯვებას?

ექსპერტების შეფასებით, განგრძობადი, მდგრადი გამარჯვება მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებით არ შემოიფარგლება. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ გამარჯვება მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ მიიღწევა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები.

აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე დარწმუნებულია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის რუსეთს აღარ ექნება ბრძოლის რესურსი და უკრაინა შეძლებს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას, მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი.

„ვიდრე ეს ქვეყანა [რუსეთი] არ გატყდება, თქვენ მასზე ვერ გაიმარჯვებთ. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მუდმივად გეყოლებათ დაჭრილი დათვი საზღვარზე, რომელიც მაშინვე თქვენკენ გამოიქცევა, როგორც კი ძალებს მოიკრებს... თქვენ ახლა მსოფლიო გთავაზობთ პრობლემის ათეულობით წლით გადაჭრას და უნდა მოითმინოთ... ვიცი, ეს მტკივნეულია, ხალხი იხოცება; მაგრამ ისტორიული სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ გეხმარებიან ასეთი ქვეყნის [რუსეთის] დანგრევაში. მსოფლიო აკეთებს ყველაფერს ამისთვის“, - ამბობს აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, უკრაინული YouTube არხის, „Курбанова LIVE“-ის ეთერში.

თუკი რუსეთის მმართველობით სისტემაში არაფერი შეიცვლება, უკრაინაში მცხოვრები ექსპერტის, მიხაილ შეიტელმანის აზრით, რეალისტურია სცენარი, რომ რუსეთმა მარცხის კომპენსირება ბელარუსის, საქართველოსა და სომხეთის ხელში ჩაგდებით სცადოს. თუმცა შეიტელმანი „უნიანთან“ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ "რუსეთი სპონტანურად მოქმედებს და მწყობრი გეგმა არ გააჩნია".

„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს"

ექსპერტებისთვის თვალშისაცემია, რომ დასავლელი ლიდერები, უკრაინის გამარჯვებასა და რუსეთის გამარჯვების არდაშვებაზე ლაპარაკისას, ერიდებიან რუსეთის დამარცხების ხსენებას და ამას იმით ხსნიან, რომ დასავლეთის ქვეყნები ომში მხარედ წარმოჩენას ერიდებიან.

დეკემბრის მეორე ნახევარში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავიდა, პრეზიდეტმა ბაიდენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია, "როგორ სურს ომის დამთავრება" მას შემდეგ, რაც რუსეთი აღიარებს, რომ "ვერ გაიმარჯვებს ამ ომში". ასევე ბაიდენის სიტყვებია, რომ "სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე" და რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, ზელენსკი შეძლებს წარმატების მიღწევას, "რადგან მას უკვე მოგებული ექნება ბრძოლის ველზე".

ასევე ნახეთ ბაიდენი ზელენსკის: "პატივია თქვენ გვერდით ყოფნა"

Washington Post-ი დეკემბრის ბოლოს იტყობინებოდა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, ბაიდენმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლო პირობების საკითხი წამოჭრა. გამოცემის თანახმად, უკრაინისთვის მისაღები სცენარის გარდა, ვაშინგტონში ომის დასრულების კიდევ ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ:

  • რუსეთის ჯარების გაყვანა 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე - თუმცა ყირიმი და დონბასის ნაწილი (გარკვეული დროით) რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება.
  • უკრაინის კონტროლის ქვეშ გადავა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორია და სხვა ოკუპირებული რეგიონებიც, ყირიმის გარდა. ამ სცენარით, ყირიმისა და, შესაძლოა, დონბასის ნაწილის საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.

ყველა ეს ვერსია თეორიულ დონეზე რჩება, რადგან, ექსპერტების შეფასებით, რუსეთს ჯერ არ გამოუხატავს ჯარის გაყვანის მზადყოფნა და არც აშშ აპირებს, ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ზელენსკიმ ვაშინგტონში თქვა, რომ "სამართლიანი მშვიდობაა" საჭირო, რაც გამორიცხავს კომპრომისებს უკრაინის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.

ასევე ნახეთ Washington Post-ი: აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების სამი მოდელი აქვს

ბოლო დღეებში, უკრაინაში აქტიურად განიხილავნდნენ გერმანიის ბუნდესვერისა და ნატოს ყოფილი გენერლის, ჰანს-ლოთარ დომრეზეს ვერსიას იმის შესახებ, რომ 2023 წლის ზაფხულის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის ზავის დადებაა მოსალოდნელი. გერმანელი სამხედრო ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების საჭიროებას იმ დროისთვის ორივე მხარე დაინახავს; „თუმცა ეს არ ნიშნავს ხანგრძლივ მშვიდობას“.

ასევე ნახეთ ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-დან პუტინს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აღნიშნავს ABC News-თან ინტერვიუში, გადამწყვეტ შეტევას უკრაინა გაზაფხულსთვის გეგმავს - ამ დროს გათავისუფლდება ტერიტორიები, „რუსეთის ფედერაცია საბოლოოდ დამარცხდება“ და „ეს მოხდება მთელი უკრაინის მასშტაბით - ყირიმიდან დონბასამდე“. პარალელურად, კიევი ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ მასშტაბური შეტევისთვის რუსეთიც ემზადება და მობილიზაციის მორიგ ტალღასაც გეგმავს. ამ შეტევის წარმატება არ წარმოუდგენიათ უკრაინელ ექსპერტებს.

თუკი 2022 წელს უკრაინელები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეიარაღების მიწოდების ნელ ტემპებს უჩიოდნენ, 2023 წელს ვითარების მნიშვნელოვან გამოსწორდებას ელოდებიან.

„ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ერთმნიშვნელოვნად, ბოლომდე დაეხმარებიან უკრაინას. შეიარაღების მოწოდების საკითხი წელს უფრო ეფექტიანად გადაწყდება - სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები უკვე ჩაშვებულია [წარმოებაში], ქმნიან აუცილებელ მარაგებს - რომლებიც, მათ შორის - გადაეცემა უკრაინას... უდავოდ, ყველა პოლიტიკური ბარიერი გადაილახება. - ამბობს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინულ „24 канал“-თან.

მანამდე, წლის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა განაცხადა, რომ 2023 წელს უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან შეიარაღებას მიიღებს ყოველთვიური გეგმითა და საჭირო რაოდენობით.