რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპის დემოკრატ ლიდერებთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოწოდებით. მაკფოლმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი სააკაშვილის შესახებ, სათაურით: „მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს“.
ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას, შესაძლო მოწამვლის შესახებ და კლინიკიდან ბოლო ხანს გავრცელებულ სურათებს, რომლებზეც სააკაშვილი გამოფიტული და დეზორიენტირებულია.
ასევე ნახეთ რა უთხრეს სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზებზე ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა და "ვივამედის" ნევროლოგმამაკფოლი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ და მას მიეცეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა. მაიკლ მაკფოლი ახსენებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2022 წლის ოქტომბერში მიღებულ რეზოლუციასაც, რომელშიც საუბარია პოლიტპატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე.
მაკფოლი წერს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. ამერიკელი დიპლომატის თანახმად, ეს ყველაზე კარგად ესმის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ საქართველოს მიმართა სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაშიმაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ზელენსკის მაგალითს უნდა მიბაძონ. როგორც ამერიკელი დიპლომატი წერს, თავისუფალი სამყარო გაერთიანდა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად, იგივე უნდა გააკეთოს საქართველოშიც და მოითხოვოს სააკაშვილის გათავისუფლება.
ასევე ნახეთ "არა და არასოდეს" vs "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" - 3 მოსაზრება სააკაშვილის შეწყალების ალბათობაზეექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საქართველოს ექსპრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" 2022 წლის მაისში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელისგან მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ.