პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სოლიდარობის აქციები რუსი ბლოგერის და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. აქციები, ძირითადად, საქართველოს საელჩოებთან ჩატარდა. აქციებზე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს.
ფეიგინმა სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებზე გამოსვლისკენ თავის მაყურებლებს მას შემდეგ მოუწოდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მას წერილი მისწერა კლინიკა "ვივამედიდან". ფეიგინის იუთუბ-გადაცემის ეთერის საშუალებით, აქციისკენ მოწოდებებით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩიც. არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ საელჩოებთან აქცია არ არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და მიზნად ისახავს ადამიანის გადარჩენას.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ფოტოებს თავად მარკ ფეიგინი ავრცელებს - აქციის მონაწილეები ფოტოებს მას თხოვნის საფუძველზე უგზავნიან სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებლად.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები 4 იანვარს იმართება საქართველოშიც. თბილისში ორი აქციაა დაგეგმილი: ენმ მშვიდობის ხიდთან მართავს აქციას, ენმ-ის წევრი და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კი მთავრობის კანცელარიიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე აწყობს მსვლელობას მხარდამჭერებთან ერთად.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების დაანონსებისას მარკ ფეიგინმა თქვა, რომ მას აქვს გეგმა ექსპრეზიდენტის დასახმარებლად, თუმცა ამ გეგმის გაჟღერებამდე დაელოდება საქართველოს მთავრობის რეაქციას.
დღეს გამართული აქციების უმეტეს ნაწილზე ადამიანები საქართველოს და უკრაინის დროშებით იყვნენ მისული.
ფრანკფურტში გამართული აქციის მონაწილეებმა არა მხოლოდ ტრანსპარანტებით, მიმართვებითაც გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები.
"არ მინდა რუსმა ქართველის ხელით კიდევ ერთხელ მოგვიკლას პრეზიდენტი, სახელმწიფო და მომავალი", - ითქვა დღეს საქართველოს საკონსულოსთან ფრანკფურტში გამართულ აქციაზე. დემონსტრანტებს საკონსულო დაკეტილი დახვდათ.
ფრანკფურტის გარდა, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც.
ცნობილია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით - მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს საქართველოში აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან განთავისუფლების საკითხი განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში - ამ საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 9 იანვარს არის დანიშნული. სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტს სურს თავადაც, ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესს.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა უკრაინის ქალაქებში, ოდესასა და კიევში. საქართველოს ექსპრეზიდენტი სწორედ უკრაინის მოქალაქეა.
სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით გამოვიდა ჩეჩნური დიასპორაც საფრანგეთში.
სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდნენ მოსკოვშიც.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა საქართველოს მეზობელი სომხეთის დედაქალაქ ერევანშიც.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან 2022 წლის შემოდგომიდან - ზაფხულის მიწურულს მან წონაში სწრაფი კლება დაიწყო.
ასევე ნახეთ დეპუტატებს სააკაშვილის მონახულება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებათ