საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, რომის პაპმა ფრანცისკემ და იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ მისალოცი წერილები გამოუგზავნეს. საქართველოს პატრიარქი 90 წლის გახდა, მისი აღსაყდრებიდან კი 45 წელი გავიდა.
- "ვმადლობთ უფალსა, რომელმან უბოძა საჭე უწმინდესისა და ფრიად საყვარელისა ეკლესიისა საქართველოისა ხელთა თქვენთა და ვითარცა თანამოსახელემ ილია თეზბიტელისა, მიირქუთ იგი მტკიცემან და მედგარმან საჭეთმპყრობელმან ჟამსა ძნელბედობისასა, რაისთვისცა სამწყსო თქვენი უმეტესად ჰსასოებს მწყემსსა თვისსა, დაცვისათვის უქცეველად სჯულისა ქრისტესისა!" - წერს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი.
- "მაშინ, როდესაც თქვენს მრავალწლიან უფლის მსახურებას თან სდევდა მრავალგვარი გამოწვევა და თქვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად გარდასახვა, ეკლესია, რომელიც მინდობილი იყო თქვენს მზრუნველობაზე, ყოველთვის სულიერად იზრდებოდა და ყვავდებოდა. ეს მახსენებს მოციქულის სიტყვებს: „მწამს, რომ თქვენს შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.“ [ფილიპე 1:6]. მაშასადამე, ვლოცულობ, რომ ჩვენმა ზეციერმა მამამ მოგმადლოთ ძალა, რათა განაგრძოთ ქრისტეს სახის ძიება, ვინაიდან თქვენ მოწმობთ მის სამყაროსადმი სიყვარულს და იბრძვით სამწყსოს და მთელი ქართველი ხალხის სასიკეთოდ", - წერს რომის პაპი ფრანცისკე.
- "ვლოცულობთ, ყოვლადწმიდა და ცხოველსმყოფელი საფლავის წინაშე, რათა მისგან, მადლთა მომცემელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, მოგანიჭოთ უხვად მისი მადლი, რათა გააგრძელოთ თქვენი პატრიარქული სამწყემსო მსახურება, ღვთივსათნო და ქველი საქმეების გამდიდრებით, ქრისტესმოყვარე თქვენი ერის სასიკეთოდ და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად “საკრველითა მით მშვიდობისაჲთა (ეფეს 4.3)“, რათა იგალობებოდეს და იდიდებოდეს “ყოვლად პატიოსანი და დიდადშვენიერი სახელი მისი, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა“ საუკუნოდ", - წერია იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილოს მესამის მიერ გამოგზავნილ წერილში.
წერილები რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს პრესსამსახურმა მიაწოდა.
საქართველოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მათ შორის - პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ ილია II 90 წლის გახდა - მთავრობა ოპერაში გალაკონცერტს მართავს