საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აქციის ორგანიზატორებს შორის იყვნენ ლალი მოროშკინა, პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ასევე კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არა შეწყალებას, არამედ სამუდამო პატიმრობასა და "ნულოვან ტოლერანტობას" იმსახურებს, მისი პრეზიდენტობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო.
"ძალიან ბევრი ახალგაზრდა დახვრიტეს ქუჩებში, ამოალპეს ციხეებში. 320 000 ადამიანი იყო დილეგში, ძალიან ბევრი, რომელიც მერე ჩვენ გამოვიყვანეთ ამნისტიის შედეგად, დღეს ცოცხალი არ არის, იმიტომ რომ რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველასი იყო უმძიმესი. ამიტომ ჩვენ დღეს ვიკრიბებით და ვამბობთ ასეთ რამეს: თუ სალომე ზურაბიშვილი გაბედავს და შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს ან ვინმე დაფიქრდება იმაზე, სააკაშვილმა არ მოიხადოს თავის სასჯელი, იმ სასჯელს არ დაემატოს კიდევ სასჯელი თუნდაც იმ წამების გამო, რასაც ის უკეთებს სასჯელაღსრულების სისტემის ექიმებს...როგორ იქცევა, უმსგავსოდ! გაცილებით მეტი უნდა მიესაჯოს!
ახლა სალომე ზურაბიშვილი სადღაც ფარდის უკან დგას და მე მოვუწოდებ მას, დადგეს ხალხთან ერთად! ჩვენ ავირჩიეთ, პირადად თითოეულმა ჩვენგანმა ირბინა, რომ მეორე ტურში რამენაირად გასულიყო და პრეზიდენტი გამხდარიყო იმ ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ერთად ვაშენებთ. დღეს ჩვენს გვერდით დგანან ნაწამები ადამიანების მშობლები, ოჯახის წევრები, ძმები და დები, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის. რად ღირს მხოლოდ ვაზაგაშვილი, რომელიც შვილის საფლავზე ააფეთქეს. ჩვენ ვიცით, რა იდგა ამის უკან", - ასე მიმართა ლალი მოროშკინამ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს და დააანონსა შემდეგი აქციაც, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს დაბადების დღეს გაიმართება.
ასევე ნახეთ საპატრიარქოს მხარდაჭერა და სალომე ზურაბიშვილის მეორე ტური - საპრეზიდენტო არჩევნები "საიდუმლო დოკუმენტებში""ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ქალბატონი სალომე გამხდარიყო პრეზიდენტი და მან აუცილებლად უნდა შეასრულოს ხალხის ნება. საშინელი ბოროტება, რასაც წარმოადგენს სააკაშვილი, მისი შეწყალება ყოვლად დაუშვებელია. ოჯახი არ დარჩენილა, ვისაც სააკაშვილის ხელი და ის ტირანია არ შეხებია, რაც მაშინ ტრიალებდა. ერთადერთი შვილი მომიკლა და ჩემნაირი რამდენია, საუბედუროდ. უკვე აღარც ძალ-ღონე შემწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სააკაშვილისნაირი ბოროტება აღარასოდეს მოვიდეს და "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც წარმოადგენს დიდ ბოროტებას და საშინელ მტერს ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ვერასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში", - თქვა აქციაზე 2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.
"ადამიანი დანაშაულს კი არ აღიარებს, ვალს გვადებს, თქვენი პრეზიდენტი რომ ვიყავიო, მიუხედავად იმისა, რამდენი ახალგაზრდა, ვაჟკაცი, საჯიშე ბიჭები ჩადო მიწაში. რა ტერორი იყო სააკაშვილის დროს, ჩემზე კარგად თქვენ იცით.
ადამიანი, რომელიც თავის შეცდომას ვერ აცნობიერებს, აქეთ ვალს გვადებს და იძახის, მე პოლიტპატიმარი ვარ, იმის პატიმარი ვარ, ვიღაცების პატიმარი ვარ, არ შეიძლება იყოს შეწყალებული.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლები, თანამოაზრეები არავისთან არ მისულან, არავისთვის ბოდიში არ მოუხდიათ", - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა. მან თქვა, რომ სააკაშვილი ციხესა და კლინიკაში "ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს" მსგავს პირობებში იმყოფება.
აქციის მონაწილეებთან გავიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შეეცადა, მათთვის სიტყვით მიემართა.
„მე ძალიან მაინტერესებს, მე მაქვს ჯერ კითხვები. აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები? სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით სად იყვნენ. ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულები იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“. თურმე იციან, მე რას გავაკეთებ. თურმე იციან, როდის გავაკეთებ და თურმე იციან, რატომ გავაკეთებ. მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ. ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე შევიწყალე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მას? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ. როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“- თქვა პრეზიდენტმა. მას მიმართვის შეწყვეტა აქციის მონაწილეების ხმაურის გამო მოუწია. აქციაზე სიტყვით გამოსვლის ნაკლებ წარმატებული მცდელობის შემდეგ, მან ბრიფინგი დანიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 საათისთვის.
სალომე ზურაბიშვილის ამ დრომდე ცნობილი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, არის "არა და არასოდეს."
ასევე ნახეთ ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დაცემულია - ზურაბიშვილი ხელისუფლებაზეპატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 21 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა bbc-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ სურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.
ასევე ნახეთ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე მარგველაშვილის მოთხოვნას მოქალაქეები უერთდებიან