სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე მარგველაშვილის მოთხოვნას მოქალაქეები უერთდებიან  

სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე მარგველაშვილის მოთხოვნას მოქალაქეები უერთდებიან 

თბილისში, წერეთლის გამზირზე, "კოკა-კოლას" ყოფილ ქარხანაში, რომელიც ახლა საგამოფენო სივრცეა, ათეულობით ადამიანი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართვას უერთდება. მან ღია წერილი, რომელსაც ათეულობით ყოფილი საჯარო მოხელე აწერდა ხელს, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მოთხოვნა ახლაც უცვლელია - სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"დღევანდელი შეკრება იმ წერილთან მიერთებაა, რომელიც მე დავწერე და საქართველოში ყველა ყოფილი ხელისუფლების 130-მდე მაღალჩინოსანმა მოაწერა ხელი. პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა ერთიანდება ორი მარტივი პოზიციის ირგვლივ: საქართველოში სახელმწიფოს მიერ წამებით ადამიანის მოკვდინება მიუღებელია და ჩვენი ბოლო 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში რუსეთის დავალებით პრეზიდენტს არ უნდა ვკლავდეთ.

ჩემი მოთხოვნაა [სააკაშვილის] საზღვარგარეთ გადაყვანა და ადრესატი მხოლოდ ქართული საზოგადოებაა. როდესაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, ის განაპირობებს იმ საჭირო გზავნილებს, რომ მიღებული იქნეს მარტივი ჰუმანური ნაბიჯი", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ამ მიმართვაზე მიერთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა უცხოეთში. მიმართვას ხელს აწერენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა 23 დეკემბერს გაავრცელა მიმართვა, რომელსაც ათეულობით ყოფილი საჯარო მოხელე უერთდებოდა. სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე განცხადებას სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნიდან ამონარიდები ერთოდა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი.

ხელმომწერებს შორის იყვნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, დეპუტატები, მოსამართლეები, მინისტრები და ა.შ.

ასევე ნახეთ "არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა" - 140-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე ხელს აწერს განცხადებას სააკაშვილზე

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, შემდეგი სხდომა ხვალ, 29 დეკემბერსაა დანიშნული.