რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფმა უფლებადამცველმა, იურისტმა მარკ ფეიგინმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადაწყვიტეს, საქართველოს ექსპრეზიდენტ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩაატარონ საერთაშორისო აქცია #SaveMisha(გადაარჩინე მიშა).
ფეიგინმა და არესტოვიმა YouTube-ის არხზე ფეიგინის გადაცემის ეთერიდან მაყურებლებს მიმართეს, რომ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან, 4 იანვარს, ადგილობრივი დროით 12:00-დან 14:00 საათამდე შეიკრიბონ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. არესტოვიჩის თქმით, საელჩოებთან აქცია არ არის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა და მიზნად ისახავს ადამიანის გადარჩენას.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ საქართველოს მიმართა სააკაშვილი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში ასევე ნახეთ კობახიძე: ზელენსკის განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდითთბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. შუამდგომლობის საფუძვლად დასახელებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ სწრაფად პროგრესირებადი დემენცია აქვს - რა უთხრა სასამართლოს ამერიკელმა ექიმმა სააკაშვილის დიაგნოზზეექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საქართველოს ექსპრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" 2022 წლის მაისში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.