მთავრობის ცნობით, საქართველოდან უკრაინაში 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი გაიგზავნა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ შეძენილი გენერატორები

22 დეკემბერს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, გენერატორები შეიძინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“.

პრესრელიზის თანახმად, სულ გაიგზავნა 1.5 მილიონი ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა.

უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია, სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.

ასევე ნახეთ კობახიძე: საზოგადოებას ნურავინ მოატყუებს, რომ უკრაინა ჩვენ გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას პარალელურად, საქართველოს მოსახლეობა მოხალისეობრივად ეწევა ფანდრაიზინგს გენერატორების შესაძენად საჭირო თანხის შესაგროვებლად.