პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.
„ჩვენ გვედავებოდნენ, რომ მას საზოგადოებას ვუმალავდით. როგორ შეიძლება ის ვინმეს დაუმალო, როდესაც მასთან 1500 ვიზიტორი არის უკვე ნამყოფი. აქ ვფიქრობ, სურათი არის ძალიან ცხადი“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეკითხვაზე, რა არის კადრების გასაჯაროების მიზანი? ბრეგაძემ უპასუხა: „ყველაზე საშინელება, რაც დაიწყო, ეს იყო რამდენიმე დღე, როდესაც ჩვენ გვაბრალებენ იმას, რომ თითქოს ამ ადამიანს ვაწამებთ".
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ გარკვეული კადრების გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს. „ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება, ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია", - თქვა მან.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 14 დეკემბერს, გამოაქვეყნა.
ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდანკადრების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე ერთი დღის ადრე ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან ყოფილი პრეზიდენტი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და თქვა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, მისი აზრით, სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.
ასევე ნახეთ ბრეგაძის თქმით, თუ სააკაშვილი სიმულაციურ ქმედებებს არ შეწყვეტს, კადრები გამოქვეყნდებადღევანდელ, 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი სააკაშვილი, "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით, კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.