შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ჯგუფი არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში შეაფასა ევროპარლამენტში 13 დეკემბერს წარმართული დებატები. მისი თქმით, დებატებისას ევროპარლამენტის ტრიბუნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის იყო გამოყენებული, დებატებზე გამოთქმული მოსაზრებები კი ეკუთვნით საქართველოს თვითგამოცხადებულ მეგობრებს, რომელთა მიზანია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის მიერ ხელისუფლებისგან ჩამოშორებული მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება.

ჩვენ ვხედავთ, რომ არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა ევროპარლამენტში, რომელიც არის თვითგამოცხადებული მეგობრები საქართველოსი, რომელთაც ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვთ, გარდა ერთისა, 2012 წლიდან მოყოლებული არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა ევროპარლამენტში, რომელთაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი, დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი, წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ. მიზეზი, საბაბი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი - სინამდვილეში ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც არ არის საქართველოს მეგობარი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარია, მათი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ვინაიდან მან ქართველ ხალხთან ერთად ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არის მათი მიზანი, ამას ხედავს ქართველი ხალხი, ამიტომაც არის, რომ ასეთ სახის გაცხადებებზე რეაქცია არ არის", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტში 13 დეკემბერს გამართული დებატები, რომელიც დეპუტატ სვენ მიკსერის მიერ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრას უძღოდა წინ, შეაფასა, როგორც "ევროპისგან დაცლილი".

ჩვენ ვიხილეთ გუშინ ევროპარლამენტში დებატები, რომელიც, თავისი არსით, დაცლილი იყო ევროპისგან. დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავ, რომ არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც საკუთარ მეგობრობას სააკაშვილთან ამჯობინებენ ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი სიტყვებით, ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატების პარალელურად, ევროსაბჭომ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პროგრესის შესახებ განაცხადა. ასე რომ ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოსა და ევროკომისიას შორის, შალვა პაპუაშვილის თქმით, განსხვავება ისეთივეა, როგორც „ცა და დედამიწა “ და ევროპარლამენტის ამ დეპუტატებს „სამწუხაროდ, ევროპულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ“.

13 დეკემბერს სტრასბურგში ევროპელმა დეპუტატებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას: გაათავისუფლეთ სააკაშვილი, ეს ჰუმანიტარული საკითხია და არა პოლიტიკური

მომხსენებელმა, ესტონელმა დეპუტატმა სვენ მიკსერმა თქვა, რომ ქვეყანამ ჩაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ შორის, დაუახლოვა ეროვნული კანონმდებლობა ევროპულს. მისი შეფასებით, აქ საქართველო კვლავაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია.

თუმცა, მიკსერის თქმით, საქართველომ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის ზოგი ღირებულების ერთგულია, მისი პოლიტიკოსები კი ჯერაც “აყენებენ პერსონალურ კონფლიქტებს სტრატეგიულ ეროვნულ ამოცანებზე მაღლა".

რეზოლუციას ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს.