სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი რუსეთის 144 მოქალაქის, მათ შორის იმ ცნობილი ადამიანებისა და ტელეწამყვანების მიმართ გეგმავს შეზღუდვების დაწესებას, რომლებიც პრორუსული პროპაგანდის გავრცელებით არიან დაკავებულნი. ამის შესახებ იუწყება გამოცემა Euobserver-ი, რომელიც დოკუმენტის პროექტს გაეცნო.
სანქციების სიაში, კერძოდ, იგეგმება მომღერალ გრიგორი ლეპსის, რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის, ტელეწამყვანების ბორის კორჩევნიკოვისა და მარინა კიმის, პოლიტოლოგ სერგეი მიხეევის და ბლოგერ დიმიტრი პუჩკოვის შეყვანა.
მანამდე გრიგორი ლეპსი, რომელიც ეჭვმიტანილია კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში, ლიეტუვამ და უკრაინამ პერსონა ნონ გრატად 2019 წელს გამოაცხადეს.
რუსი მომღერალი "შავ სიაში" ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა აშშ-ის მთავრობამ, რომლის თანახმად, ლეპსი კურიერის როლს თამაშობს კრიმინალური სამყაროს წევრებისთვის ფულის გადაცემის დროს.
ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი 2014 წელს იმყოფებოდა საქართველოში, სადაც მისი კონცერტი სპორტის სასახლეში გაიმართა, საპროტესტო აქციის ფონზე.
ასევე ნახეთ
უკრაინის სასამართლომ ნიკიტა მიხალკოვის დაკავების ორდერი გასცარუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი პრეზიდენტ პუტინის და მისი პოლიტიკის ყველაზე აქტიურ მომხრეთა შორისაა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. 2014 წელს მიხალკოვი იყო ყირიმის ანექსიის აქტიური მხარდამჭერიც.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში უკრაინის სასამართლომ, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, ნიკიტა მიხალკოვის დაკავების ორდერი გასცა.
უკრაინის მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსი რეჟისორის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ეხება ამ ქმედების ჩადენას ეროვნული ან რელიგიური შუღლის გაღვივებით. მსგავსი დანაშაული უკრაინაში ისჯება 5-დან 10 წლამდე პატიმრობით.