საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი, 12 დეკემბრის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მისი განცხადებით, იგეგმება საქართველოში "IT ჰაბის" შექმნა, ბათუმისა და თბილისის აეროპორტების გაფართოება, ფოთისა და ბათუმის პორტების განვითარება.
"ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ეს არის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, როგორი ხელისუფლება, როგორ პოლიტიკა გვაქვს ბიზნესის მიმართ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, რომელიც ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი, შესაძლოა, "IT ჰაბად" გადაკეთდეს:
"ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი "IT ჰაბი" და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება".
მისივე თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და საჭიროა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა.
"გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა, საქართველოში პორტების აშენება და განვითარებაა. მისი თქმით, ფოთის პორტში საჭიროა დამატებით ინვესტიციების ჩადება:
"ჩვენი სურვილია, რომ ფოთის პორტის გაფართოებაც განხორციელდეს. ბათუმშიც უნდა განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები და ასევე უნდა აშენდეს ახალი პორტი - ანაკლია".
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ანაკლიის პორტის" 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნებაპრემიერი კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოში ჰესების აშენების საკითხსაც, რომელიც შეჩერებული იყო ბოლო წლების განმავლობაში. მისი თქმით, გაგრძელდება იმ პროექტებზე მუშაობა, რომლებითაც 800 მეგავატი ენერგიის გამომუშავება იგეგმებოდა. პრემიერ-მინისტრის თანახმად, 800 მეგავატამდე ჰესის ასაშენებლად მილიარდზე მეტი დაიხარჯება და წლის ბოლოს კი ჯამში 1500 მეგავატის ჰესებზე გამოცხადდება ტენდერი, რაც მთლიანობაში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება.
მასალა არქივიდან ღარიბაშვილი მომდევნო 3 წელში ენერგეტიკაში $3 მილიარდის ინვესტიციას ელოდება"გაისად, 2023 წელს, ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს, ჰიდროს მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე, ქარის, მზის სადგურებზე, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.