Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი მომდევნო 3 წელში ენერგეტიკაში $3 მილიარდის ინვესტიციას ელოდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის სფეროში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ელოდება. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ ამ მიმართულებით მთავრობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

"რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება - ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა", - თქვა მან.

პრემიერმა ინვესტორებს ახალი სქემა შესთავაზა: სახელმწიფო ელექტროსადგურის ოპერირების დაწყებიდან ინვესტორს 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის (ე.წ. CFD ხელშეკრულებით) მხარდაჭერას შესთავაზებს - ეს მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.

"ჯამურად მხოლოდ ამ 1500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2,2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, ერთის მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორეს მხრივ, კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ვერ ეწევა გამომუშავებული ელექტროენერგია და "ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა".

XS
SM
MD
LG