ოლივერ ვარჰეი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაფინანსდება

ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“ წერს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტს დააფინანსებს.

ვარჰეის თანახმად, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.

ვარჰეის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო გეგმის საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს, საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მთლიანი ინვესტიცია კი - 2.3 მილიარდ ევროს.

ასევე ნახეთ ვარჰეი: იმედი მაქვს, კარგი ამბები მექნება საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად

დღევანდელ შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ჟოზეპ ბორელი, ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი და ევროკომისარი უიტა ურპილაინენი დასწრებიან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო გეგმის საერთო მიზანია რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მათი დაკავშირება ევროკავშირთან. ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა და მოიცავს თანამშრომლობას ციფრულ, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

დღესვე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.

„დისკუსიის მიზანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლის განსაზღვრა იქნება, ისევე როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები. ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეები მოსაზრებებს გაცვლიან, თუ როგორ შეიძლება, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ უზრუნველყოს სტაბილურობის გაძლიერება და რეგიონში კეთილდღეობა", - ნათქვამია შეხვედრის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.