Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარჰეი: იმედი მაქვს, კარგი ამბები მექნება საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად


ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში
ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 15 ნოემბერს, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება არა მხოლოდ როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში, არამედ პირველადაა ჩამოსული გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატითაც.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში შეისმინეს საქართველოს გზავნილი, რომ ქვეყანას უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და სურს თქვას, რომ გაერთიანება მზადაა შეასრულოს ეს თხოვნა.

"მიმაჩნია, რომ ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი. ამისთვის კი საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა.

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის საქართველოში და ყველა, ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე, მას ეხება. ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისი სიტყვებით, მომდევნო თვეებში საქართველოს მოუწვევს დიდი შრომა იმის საჩვენებლად, რომ მზად არის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ყველა მოქალაქე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისკენ.

„დარწმუნებული ვარ, ისტორია არასოდეს იძლევა ერთსა და იმავე შანსს ორჯერ, ამ შესაძლებლობას უნდა ვტაცოთ ხელი, უნდა ვაქციოთ რეალობად", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მან ისაუბრა ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობის აუცილებლობაზე. კითხვაზე კი, ჩაეთვლება თუ არა საქართველოს რეკომენდაციები შესრულებულად, თუ პროცესში ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროცესში ინკლუზიურობა საკვანძო მნიშვნელობისაა.

„დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს, შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე - ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. ჩემს ქვეყანაში, უნგრეთში, ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსენსუსის შემადგენელი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად. იმიტომ რომ პარლამენტი არის საკვანძო ასპექტი ამ თანხმობაში, ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში და პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში შედის ბევრი საკითხი. ამიტომ მოგვიწევს მუშაობა ერთად და იმედი მაქვს ეროვნული კონსენსუსი შედგება ყოველდღიური რუტინული საკითხების მიღმა“, - თქვა ოლივერ ვარჰეიმ.

მანვე აღნიშნა, რომ მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხში და ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ელიტა დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის.

„იმედია, ამას ყველა დაინახავს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს“, - თქვა ევროკომისარმა.

მან ხაზი გაუსვა რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. დადებით კონტექსტში ახსენა მიმდინარე სასამართლო რეფორმა, ბრძოლა კორუფციასთან. აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი. გამოყო "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის" მიღებისთვის დაწყებული სამუშაო.

რაც სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო მალე მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენკენ“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნისას გვერდს ვერ აუვლის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარს: „ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, უკრაინის ომი აჩვენებს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ეღობება“, - თქვა ოლივერ ვარჰეიმ და დაამატა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და დაეხმარებიან საქართველოს ამ მხრივ არსებული სირთულეების დაძლევაში.

ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა ასევე ეკონომიკური გაძლიერების და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ენერგეტიკულ საკითხებზე, შავი ზღვის ფსკერზე ინტერნეტის კაბელის მნიშვნელობაზე, რომელიც ევროპასა და საქართველოს, ევროპასა და კავკასიას დააკავშირებს. მისი სიტყვებით, უკრაინის ომმა ევროკავშირს დაანახა სანდო და საიმედო პარტნიორების მნიშვნელობა „უსაფრთხოების და ეკონომიკის და ყველაზე მნიშვნელოვნად, ენერგეტიკულ სფეროში. საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო პარტნიორი“.

ოლივერ ვარჰეი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მთავრობის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG