"ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი" - გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს თავისი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს", - წერს გიული ალასანია. მისი მიმართვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ სააკაშვილმა 25 კილოგრამი სექტემბრიდან დაიკლო, დინამიკა კატასტროფულია - ომბუდსმენის კონსილიუმი

9 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სასამართლო პროცესი - მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომელშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართავს სახალხო დამცველიც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

ასევე ნახეთ ექსპრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი: სააკაშვილი მოკლებულია ყველა საჭირო დახმარებას