საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 7 დეკემბერს, მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების საკითხს. პრემიერის განცხადებით, საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია თუმცა, სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.
„რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო არასოდეს არ ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდი, მმართველი გუნდი ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძართან მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას, რომელიც უკრაინისთვის გენერატორების გადაცემას შეეხებოდა, კონკრეტულად არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას. "რაც ეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ, 6 დეკემბერს, ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების მიერ უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრა. კასიანოვმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს თბილისის ქუჩებს.
მან ისაუბრა სამხედრო დახმარებაზეც, რომლის მიღების იმედი უკრაინას ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ იგი საქართველოს ეხმარებოდა ბოლო ათწლეულების შეიარაღებულ კონფლიქტებში. კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დაწყების შემდეგ, "მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად", საელჩოს პასუხი არ მიუღია უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ კასიანოვი: ერთი თვის წინ ვთხოვეთ საქართველოს გენერატორები, პასუხი ხელისუფლებისგან არ მიგვიღია„ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არგადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.
ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.
ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა და დაამატა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. მან თქვა, რომ არა მხოლოდ თანამედროვე, ახალი იარაღი, მოძველებული საბრძოლო მასალაც კი ღირებულია ამ ომში უკრაინისთვის.
ასევე ნახეთ მდინარაძე: კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედკასიანოვის განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა და თქვა, რომ ანდრი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი - საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ. დანარჩენი, მამუკა მდინარაძის თანახმად, მხოლოდ წვრილმანი და საქართველოს ხელისუფლების დამაზიანებელი მესიჯები იყო.