ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, 5 დეკემბერს, რუსეთის ორ სტრატეგიულ, საავიაციო ბაზაზე დარტყმები, როგორც ჩანს, უკრაინის ძალებმა განახორციელეს და ამით აჩვენეს, რომ შეუძლიათ შეტევა რუსეთის ზურგში და სავარაუდოდ, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების კამპანიის ჩაშლაც.
ISW ყურადღებას ამახვილებს, რომ რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე განთავსებულია სტრატეგიული ბომბდამშენების ნაწილი, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ რუსი სამხედრო ბლოგერების უკმაყოფილებაზეც, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს არ შეუძლიათ აღკვეთონ უკრაინის დარტყმები რუსეთის სტრატეგიულ, საავიაციო ბაზებზე, რომლებიც უკრაინელების პოზიციებიდან 700 კილომეტრითაა დაშორებული.
მილიტარისტულად განწყობილი ბლოგერები რუსეთის სამხედრო სარდლობას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ არ ითვალისწინებს ღია წყაროებით გავრცელებულ სადაზვერვო მონაცემებს. ისინი უკრაინაზე ახალ, მასირებულ დარტყმებს მოითხოვენ. ზოგიერთი ბლოგერი იმასაც წერს, რომ რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე დარტყმა საფრთხეს უქმნის რუსეთის ბირთვულ სიძლიერესაც, რადგან დაზიანდა ბომბდამშენები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლიათ.
ასევე ნახეთ მოსკოვმა აღიარა უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმები მის სტრატეგიულ აეროდრომებზე5 დეკემბერს დილით, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა.
უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განახორციელა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს, უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ორი ფოტო, წარწერით: „რიაზანი. ვგლოვობთ“, რომლებზეც ასახული იყო დაზიანებული ბომბდამშენი და სატვირთო ავტომანქანა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ეს ფოტოები ტელეგრამიდან წაშალეს.
ასევე ნახეთ დრონით დარტყმა განხორციელდა რუსეთის კიდევ ერთ აეროდრომზედღეს, 6 დეკემბერს, დილით რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომის რაიონში და ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს.