რეაქტიულძრავიანი ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა სტრატეგიულ საავიაციო აეროდრომებს სარატოვისა და რიაზანის რეგიონებში. ამის შესახებ 5 დეკემბრის საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მანამდე, მთელი დღის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო უწყება დუმილს ინარჩუნებდა მომხდარი ინციდენტის თაობაზე.
სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების იერიშის შედეგად დაზიანდა ორი Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენი, ასევე დაიღუპა სამი და დაიჭრა 4 რუსი სამხედრო. ამასთან, რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ მისმა სამხედროებმა ორივე დრონი ჰაერში ჩამოაგდეს და აღნიშნული ზიანი სწორედ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებს მოჰყვა.
ქალაქ ენგელსში სტრატეგიული ავიაციის აეროდრომსა და რიაზანის გარეუბან დიაგილევოში მდებარე ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ 5 დეკემბრის დილით გახდა ცნობილი.
ფრონტიდან 700 კილომეტრში მდებარე ენგელსის ბაზაზე Tu-160 და Tu-95ms სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული. რუსული თვითმფრინავები სწორედ ამ ბაზიდან ასრულებენ იერიშებს უკრაინაში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. Tu-95MS და Tu-160, რომლებიც ბირთვული იარაღის მატარებლები არიან, რუსეთის ბირთვული საფრთხის შემაკავებელ ძალებს განეკუთვნებიან.