ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

საილუსტრაციო ფოტო

უკრაინაში ომს, სავარაუდოდ, კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - ამ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. მომხდარი რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მათგანმა დაუდასტურა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ისინი "კადიროველების" ჩასაფრებაში მოყვნენ.

„არავინ არაფერი არ შემეკითხოთ და არც დამირეკოთ“, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

„ერთდროულად 5 (!!!) ბიჭი მოგვიკლეს... აღარ შემიძლია ხალხო“, - წერს ფეისბუკზე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ასევე უკრაინაში იმყოფება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და ამოწმებს ინფორმაციას.

უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.

ასევე ნახეთ ჯაბას ომი, რომელშიც ბავშვობიდან იბრძოდა - უკრაინაში დაღუპული 28-ე ქართველი

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.