პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით მისმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიმართვას დართული აქვს ექსპერტიზის დასკვნა.
"ექსპერტიზაში ჩამოთვლილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად, რომელსაც განკურნების არანაირი პერსპექტივა არ აქვს", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ "TV პირველთან" საუბარში.
მანვე აღნიშნა, რომ ამ საქმის განხილვაზე 25-მდე მოწმის დაკითხვა სურთ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
ასევე ნახეთ მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ექსპერტიზის შედეგს აქვეყნებსსაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.
ასევე ნახეთ რატი ბრეგაძე სამხარაულის ცენტრს მიმართავს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციისთვის