წალენჯიხის მერის მანქანა ტექნიკური გაუმართაობის გამო არ დამწვარა - მას ცეცხლი ბენზინის, დიზელის ან სხვა საწვავის აალებით გაუჩნდა. ეს არის გია ხარჩილავას მანქანაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ჩატარებული ექსპერტიზის 8-გვერდიანი დოკუმენტის ერთ-ერთი მიგნება.
ექსპერტები აღწერენ, რომ მანქანა თითქმის სრულად განადგურებულია.
"ავტომანქანაზე ხანძრის თერმული ზემოქმედების შედეგად ჩამსხვრეულია ყველა საქარე მინა, კოროზირებულია და დეფორმირებულია ავტომანქანის ძარა, ასევე ფიქსირდება ლაქსაღებავის დაზიანების ნიშნები, მთლიანად არის განადგურებული წინა ორივე საბურავი, ხოლო დისკები დამდნარია და ნაწილობრივ განადგურებული. მთლიანად არის განადგურებული წინა მაშუქები, ძრავის სახურავი და ავტომანქანის წინა მოპირკეთება, ძრავის განყოფილებაში წვადი მასალა, ლითონის დეტალები კი კოროზირებულია.
ასევე მთლიანად არის განადგურებული სალონში არსებული წვადი მასალა, შემორჩენილია მხოლოდ სავარძლების ლითონის დეტალები, ძლიერ არის კოროზირებული სალონის წინა მხარე, მთლიანად არის განადგურებული ინსტრუმენტების პანელი და მაგნიტოფონი. დეფორმირებულია ავტომანქანის სახურავი", - წერია დასკვნაში.
დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი ინფორმაცია დასკვნის მომზადებაში ჩართული ექსპერტების კვალიფიკაციაზე:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ექსპერტიზის განყოფილების სახანძრო ექსპერტიზის ჯგუფის მთავარმა ექსპერტმა, პოლიციის მაიორმა ირაკლი ჯიქიამ, უმაღლესი განათლებით და ექსპერტად მუშაობის 9 წლის სტაჟით და სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის ეკატერინე ფეტილავამ, უმაღლესი ქიმიური განათლებით, სპეციალობით ქიმიკოს-ექსპერტმა, წალენჯიხის რაიონული სამმართველოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პაპუნა კვარაცხელიას მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ჩავატარეთ კომპლექსური სახანძრო-ტექნიკური და სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა".
ექსპერტიზას გამოძიებამ რამდენიმე კითხვა დაუსვა:
- საიდან გაჩნდა ხანძარი;
- რა იყო ხანძრის წარმოქმნის უშუალო მიზეზი;
- იყო თუ არა ელექტროტექნიკური მიზეზით გამოწვეული დაზიანების კვალი;
- ნამწვის ნიმუშებზე იყო თუ არა ნავთობპროდუქტების კვალი;
ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად ჩატარდა ოთხი სახის კვლევა.
ქიმიური კვლევის შედეგები
ქიმიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ კვლევისთვის გაკეთებულ ანაწმენდებში არის ნავთობპროდუქტების კვალი, ხოლო ნამწვ მასალაზე - არა.
"აღსანიშნავია, რომ საგანმატარებელზე მოხვედრისას, დროის ან ტემპერატურის ზეგავლენით ნავთობპროდუქტი იცვლის თავის პირვანდელ სახეს ან სრულიად გარდაიქმნება", - აღნიშნავენ ექსპერტები შენიშვნის სახით.
ელექტროტექნიკური გამოკვლევა
სადენების შემოწმების დროს აღმოჩენილი არ არის მოკლე ჩართვით ან გადატვირთვით გამოწვეული დაზიანებები.
"სადენებზე დაფიქსირებული იზოლაციის განადგურება, მურვისა და კოროზიის ნიშნები გამოწვეულია ხანძრის თერმული ზემოქმედებით", - წერია დოკუმენტში.
ხანძრის გაჩენის კერის განსაზღვრა
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მანქანის მარცხენა კარიდან გზის შუა ნაწილის მიმართულებით ასფალტზე აღმოჩენილია "გაურკვეველი" ლაქა.
"ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე, საიდანაც შემდეგ ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია აალება ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, წინა ფრთასთან, ძრავის განყოფილების სახურავთან", - წერენ ექსპერტები.
ხანძრის გაჩენის მიზეზი
ექსპერტიზაში გამორიცხულია იმის ეჭვი, რომ ხანძარი მანქანაში მოკლე ჩართვამ ან სადენების გადახურებამ გამოიწვია. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ "ძლიერი აალება გამოიწვია ავტომანქანის წვად მასალასთან და ნავთობპროდუქტთან ცეცხლის ალის კონტაქტმა".