ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისა და ნგრევის საფასური. დღევანდელ. 30 ნოემბრის მიმართვაში, ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში, სავარაუდოდ, 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
„პირველ რიგში, რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური თავისი საშინელი დანაშაულებისთვის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული დანაშაულისთვის. რუსეთმა ასევე ფინანსურად უნდა აანაზღაუროს იმ ნგრევის საფასური, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისადმი მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს. რუსეთსა და მის ოლიგარქებს უკრაინაში ზარალის ანაზღაურება და ქვეყნის აღდგენის ხარჯების დაფარვა მოუწევთ. და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რუსეთმა გადაიხადოს. ჩვენ დავბლოკეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები და გავყინეთ რუსი ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი სიტყვებით, მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია, პარტნიორებთან ერთად შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც ამ სახსრებს მართავს და შემდეგ შემოსავალს უკრაინას მოახმარს.
„სანქციების მოხსნის შემდეგ კი ეს თანხები უნდა იქნეს გამოყენებული, რათა რუსეთმა სრული კომპენსაცია გადაუხადოს უკრაინას მიყენებული ზიანისთვის“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი სიტყვებით, იმუშავებენ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გახდეს.
ევროკომისიის წინადადებაა ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად შეიქმნას სპეციალური სასამართლო. ევროკავშირი განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას და ამასთან, მისი ინიციატივაა, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალური სასამართლო რუსეთის აგრესიისას ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სამართლებრივი დევნისთვის.
ასევე ნახეთ ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სპეციალური სასამართლო უნდა შეიქმნას