უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ატარებს ივანო-ფრანკოვსკში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ადგილობრივი ეპარქიის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე და ეპარქიის საკულტო ნაგებობებში.
„ეკლესიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, სამართალდამცველები ათვალიერებენ ტერიტორიას და ეპარქიის შენობებს, გამოსაყენებლად აკრძალული საგნების აღმოჩენის მიზნით დ ამოწმებენ ეპარქიის ტერიტორიაზე მყოფ პირებს, სახელმწიფოს საზიანოდ, უკანონო საქმიანობასთან მათი შემხებლობის დასადგენად“, - უწყების განცხადებას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ციტირებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოქმედებენ კანონის შესაბამისად და მოწმდება ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომ ეპარქია გამოყენებულ იქნას უჯრედად „რუსული სამყაროსთვის“ («русский мир»); ასევე არ დაუშვებენ, რომ ეპარქიას თავი შეაფარონ აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა და ინახებოდეს აკრძალული ნივთები.
მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეამოწმა კიევ-პეჩორის ლავრა და როვნოს ოლქის მონასტრები. 23 ნოემბერს გამოცხადდა, რომ მონასტრების ტერიტორიებზე აღმოაჩინეს პრორუსული ლიტერატურა, რომელსაც სემინარიაში იყენებენ, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის. ასევე აღმოაჩინეს 2 მილიონ გრივნაზე მეტი, დაახლოებით 100 ათასი დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.
მონასტრების ტერიტორიებზე მყოფმა ზოგიერთმა პირმა შემოწმებისას წარადგინა საბჭოთა კავშირის პასპორტები და სამხედრო ბილეთები; ჰქონდათ დოკუმენტების მხოლოდ ასლები ან უკრაინის მოქალაქის, სავარაუდოდ, ყალბი პასპორტები.
კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქე, 32 წლის კაცი, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს უკრაინაში მოქმედ პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანთან" და ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის მფლობელ ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ორლოვს უკრაინაში აქვს მიწის ნაკვეთები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, რომლებიც ამჟამად დაყადაღებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, ბუკოვინაში, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ეპარქიის ხელმძღვანელთა მიმოწერა თავიანთ მოსკოველ კურატორებთან, როცა ისინი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საეკლესიო ლიტურგიების ჩატარების სპეციფიკასთან დაკავშირებულ დირექტივებს იღებდნენ. ასევე აღმოაჩინეს კრემლის მხარდამჭერი ლიტერატურის საბითუმო საწყობები. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, ეს ლიტერატურა აქებს აგრესორ ქვეყანას და ხალხს მოუწოდებს ოკუპანტების მხარდაჭერისკენ.
ასევე ნახეთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: მონასტრებში იყვნენ პირები საეჭვო დოკუმენტებით