უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონის მეთაური რუსეთმა ექსტრემისტების სიაში შეიყვანა

მუსლიმ სადაევი (მარჯვნივ), იჩქერიის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების (ОБОН) ქვედანაყოფის ერთ-ერთი მეთაური

რუსეთის მარეგულირებელმა უწყებამ, „როსფინმონიტორინგმა“ ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა ჩეჩნეთის 35 წლის მკვიდრი მუსლიმ სადაევი. იგი არის უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის „უცხოური ლეგიონის“ შემადგენლობაში მოქმედი არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის (OBON) ერთ–ერთი მეთაური. აღნიშნული ინფორმაცია „კავკაზ.რეალიის“ თავად ჩეჩნურ ქვედანაყოფში დაუდასტურეს.

ცნობილია, რომ აგვისტოში არაღიარებული იჩქერიის პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა სადაევს მორიგი სამხედრო წოდება - „კაპიტანი“ - მიანიჭა.

ასევე ნახეთ

უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჩეჩნები და მათი ქართველი მეკავშირე

მანამდე ჩეჩნეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო.

საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი, ჩეჩნეთის „ეფესბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შექმნის შესახებ განცხადება ივლისში გაკეთდა. ქვედანაყოფის სარდლად დაინიშნა პოლკოვნიკი ჰაჯი მურად ზუმსო.

  • ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა რამზან კადიროვმა სექტემბერში უკრაინის ომში მონაწილე რესპუბლიკის წარმომადგენლებს ახმედ ზაკაევის მოკვლისკენ მოუწოდა. კადიროვი თავისუფლებას და უსაფრთხო ცხოვრებას დაჰპირდა მათ, ვინც ამ დავალებას შეასრულებს.
  • აგვისტოში კადიროვი უკრაინაში მებრძოლ იჩქერიის მომხრეებს „სისხლის აღებით“ დაემუქრა.
  • ივლისში უკრაინის დროშის ქვეშ მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონების სამხედროებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ჩეჩნეთში შეიარაღებული იატაკქვეშა მოძრაობა გაშალონ კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ.