ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მარიამ ჯიშკარიანმა დღეს, 25 ნოემბერს, ჟურნალისტებს "ემპათიის" მიერ მომზადებული ექსპერტიზის შედეგების ნაწილი გააცნო.
"ვიხრებით მოსაზრებისკენ და ეს საექსპერტო დასკვნაში უკვე წერია, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს ადგილი და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში...
მიღებულია ამერიკიდან თმის ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ამ დოკუმენტაციით ვასკვნით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, დიდი ალბათობით, არის ინტოქსიკაცია და უსაფრთხოების მიზნით, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას", - თქვა ჯიშკარიანმა.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სააკაშვილის ორგანიზმში ლიმიტირებულ ზღვარზე მაღალი დოზით აღმოჩენილია სამი ქიმიური ნივთიერება: "ბისმუტი", "ბარიუმი" და "ვერცხლის წყალი". "კიდევ რა შენაერთებია, ამას საქართველოში ვერავინ დაადგენს", - აღნიშნავს ჯიშკარიანი.
"ემპათიის" ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
"პირველ რიგში, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი", - თქვა მან.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოსსალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც BBC-ს მისცა, თქვა, რომ არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მე სახელმწიფოს მეთაური ვარ და არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდესსაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.