Bloomberg-ის თანახმად, რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, თებერვალთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მიწოდება. Bloomberg-ი წერს, რომ მისი მოცულობა დღეში მილიონ ორასი ათასი ბარელიდან 95 ათას ბარელამდე დავიდა.
ქვეყნებმა, როგორებიცაა ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია, რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი. პოლონეთი მათ სექტემბერში შეუერთდა. ბალტიის პორტებში დატვირთული ნავთობის სამი მეოთხედი ახლა აზიაშია გაგზავნილი. ინდოეთი ნავთობს ე. წ. საშეღავათო პერიოდის გამოყენებით ყიდულობს. შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ადრე განაცხადეს, რომ 5 დეკემბრამდე, სანამ შეზღუდვები ძალაში შევა, ისინი ტანკერში ჩატვირთულ რუსულ ნავთობს სანქციებისგან გაათავისუფლებენ იმ პირობით, რომ მარაგი 19 იანვრამდე იქნება მიწოდებული.
სააგენტოს გათვლებით, რუსეთიდან მომარაგების საერთო მოცულობა ცხრა კვირის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმამდე, დღეში 2,57 მილიონ ბარელამდე დაეცა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ნავთობით ვაჭრობის შემოსავლები იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ხოლო ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში გადაზიდვები დღეში რეკორდულ 2.45 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.
ოქტომბერში რუსეთი გახდა ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი ინდოეთში - თითქმის ერთი მილიონი ბარელი დღეში. ნოემბრის დასაწყისში, "როიტერმა" განაცხადა, რომ ინდურ ქარხნებს ჯერ არ გაუგზავნიათ მოთხოვნა რუსეთიდან ნედლეულის იმპორტზე, რადგან ელოდებიან ფასების შეზღუდვის "მკაფიო" მექანიზმს.
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიღებული სანქციების მერვე პაკეტის თანახმად, რუსეთიდან ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის მიმართულებებით ნავთობპროდუქტების ექსპორტზე დაწესებული ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევა.