"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ დაწესდება რუსეთის ნავთობის ფასის ზედა ზღვარი დადგენილ დონეზე, "მცურავი" განაკვეთის გამოყენების გარეშე.
ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი. სააგენტოს წყაროს ცნობით, "ფასის ზღვარი გახდება ერთიანი და რეგულარულად გადაიხედება" - ამან უნდა გაზარდოს ბაზრის სტაბილურობა და შეამციროს მის მონაწილეებზე დატვირთვა. ფასი ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ წყაროს მონაცემებით, უახლოეს კვირებში უნდა გამოცხადდეს.
დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ და ავსტრალია შეთანხმდნენ, საჭიროებისამებრ რეგულარულად გადახედონ დადგენილ ფასს, განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. მან ამასთან, აღნიშნა, რომ ფასის რაიმე ინდექსთან დაკავშირება ზედმეტ ცვალებადობასა და ფასების შესაძლო რყევებს გამოიწვევს. მოსკოვს შეუძლია იხეიროს მცურავი ფასების სისტემით, თუ Brent-ის მარკის ნავთობი გაძვირდება რუსეთიდან - მსოფლიოში ამ ნედლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლისგან - მოწოდების შემცირების გამო. Brent-ის ნავთობის საერთაშორისო ნიშნულზე დაბალმა მცურავმა ცვალებადმა ფასმა, შესაძლოა, პუტინს საშუალება მისცეს, "მოატყუოს" მექანიზმი მიწოდების შემცირებით, თქვა მეორე წყარომ, რომელიც იცნობს განხილვების შინაარსს.
აშშ, ევროპის კავშირის ქვეყნები და ბაზრის სხვა მონაწილეები ცდილობენ, შეუმცირდეს რუსეთს ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რაც უკრაინაში შეჭრის დაფინანსების მთავარ წყაროდ მიიჩნევა და ამავდროულად, არ დაუშვან ფასის მკვეთრი ზრდა.
5 დეკემბერს ძალაში შედის ევროპის კავშირის სანქციების მერვე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს ზღვრული ფასის დაწესებას რუსულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებით გადაიზიდება.
რუსეთი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უარს იტყოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ზღვრულ ფასებს დააწესებდნენ.