საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება "დიდ პოლარიზაციას" გამოიწვევდა, ამასთან, აცხადებს, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაურს, არ სურს, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"თქვენ გაქვთ ძალაუფლება, როგორც პრეზიდენტს, რომ შეიწყალოთ ის [მიხეილ სააკაშვილი]. რატომ არ აკეთებთ ამას?" - ჰკითხა სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არ აქვს ასეთი ძალაუფლება, "იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საბოლოო განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის. მისი საქმე ამ დრომდე განხილვის ეტაპზეა. ქართული კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა საქმის განხილვა დასრულდება".
"ყველაფერი რომ დასრულდება, მაშინ შეიწყალებდით?" - დააზუსტა ჟურნალისტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი უპასუხა:
"ეს სხვა საკითხია, მე საქართველოში ვრცლად ავხსენი, თუ რატომ არ შევიწყალებდი მას. ეს არის დიდი პოლარიზაციის ფაქტორი. საქართველოში პრაქტიკულად, არ არსებობს არცერთი ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად უნდა ვიქცე, მაგრამ ამავდროულად, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური და არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.
მე ძალიან ახლოდან ვადევნებ თვალს მასზე სამედიცინო დაკვირვების პროცესს. მე საჯაროდ ვაცხადებდი, რომ ვფიქრობ, უნდა მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა დამატებით სამკურნალოდ, თუმცა ეს სასამართლოს გადასაწყვეტია".
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი სააკაშვილზე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.