რუსეთის ორი რეგიონის, ჩეჩნეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის აქტივისტები თანამემამულეებს მოუწოდებენ, რომ შევიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაებან რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ მიმდინარე ომში, რაც შემდგომში მათი ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლით უნდა გაგრძელდეს.
კონკრეტულად ჩეჩნებს მიმართა საიხან მუზაევმა, რომელსაც მედია საქართველოდან დევნილად და ბერლინში 2019 წლის ტერაქტის შედეგად დაღუპული ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მეგობრად მოიხსენიებს.
„ომის შემდგომ ჩვენ მთავარ პირობას ხალხის მიერ თვითგამორკვევის, საზოგადოებისთვის კი თვითმმართველობის უფლება წარმოადგენს. ჩვენ ჩეჩნები ვიბრძვით თავისუფალი, დამოუკიდებელი, თანამედროვე და აყვავებული იჩქერიისთვის. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, ჩვენ, პირველ ყოვლისა, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები გვჭირდება. უკრაინაში სწორედ ახლა იჩქერიის სახალხო არმია ყალიბდება“, - აცხადებს მუზაევი, რომლის სიტყვებიც „კავკაზ. რელიის“ მოჰყავს.
ჩერქეზებს კი მიმართა იბრაგიმ იაგანოვმა, რომელიც ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხასეს“ თავმჯდომარე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყაბარდო-ბალყარეთის განყოფილებამ იაგანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორიზმის საჯარო გამართლების მუხლით.
„მოვუწოდებ ჩერქეზებს, რომ შექმნან ჩერქეზთა მოხალისეთა ბატალიონი, რომელიც მომავალში თავისუფალი ჩერქეზეთის შეიარაღებული ძალების საფუძველი გახდება“, - აცხადებს იაგანოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით უკვე შეიქმნა შესაბამისი „სამობილიზაციო ცენტრი“. მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ საიტზე ასეთი ცენტრის შესახებ ცნობა არ არსებობს.
მუზაევისა და იაგანოვის თქმით, ახალი მოხალისეთა ბატალიონების ფორმირების პლატფორმას წარმოადგენს ახლად შექმნილი "სამოქალაქო საბჭო". ერთ-ერთი, ვინც ამ ასოციაციის სახელით საუბრობს, არის დენის სოკოლოვი, თავისუფალი რუსეთის ფონდის ექსპერტი (ორგანიზაცია რუსეთში აღიარებულია, როგორც "არასასურველი"). "სამოქალაქო საბჭოს" მდივანმა ანასტასია სერგეევამ გამოცემა "ხოლოდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ორგანიზაციის დაფინანსების წყარო ნებაყოფლობითი შემოწირულებებია. "მაგრამ საჯაროდ არ ვისაუბრებ იმაზე, თუ ვინ გვიჭერს მხარს და როგორ", - დასძინა სერგეევამ.
კიევში ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი აღნიშნულ მიმართვაზე, რომელიც მოძრაობა „სამოქალაქო საბჭოს“ რესურსებზეა გამოქვეყნებული.
ასევე ნახეთ
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა ეს ომი წააგოს“ - დაღესტნელ ხალხთა კონგრესის თავმჯდომარე- ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის - ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი).
- ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო "ვერხოვნა რადის" დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა.
- სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა "კავკაზ.რეალიის" აცნობა, რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს "იმამატის" სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია "შამილი".
- კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, "ცოფიანი მოდგმა", უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.