მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და ადვოკატი ვალერი გელბახიანი ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნის დეტალებზე და სააკაშვილის სავარაუდო ინტოქსიკაციაზე საუბრობენ.
ადვოკატის თქმით, არის საფუძველი, ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება", - უთხრა მან ტვ პირველს.
ცენტრ "ემპათიის" დასკვნა, ჯერჯერობით, საჯარო არ არის, მათ რამდენიმე დღის წინ დაასრულეს მასზე მუშაობა.
ტელეკომპანია "მთავარ არხთან" საუბარში გიული ალასანია ჰყვება, რომ დასკვნის თანახმად, სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოჩნდა.
"ვერცხლისწყალი იყო [დასკვნაში]. იქ ჩამონათვალია, რა შეიძლება, გამოიწვიოს ვერცხლისწყლის გარკვეულმა... როგორ მოხვდა [ორგანიზმში], რა თქმა უნდა, უცნობია. ინტოქსიკაციაა ესეც და იძლევა საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული" , - ამბობს გიული ალასანია.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას ფიქრობს, როგორ შეიძლება, მოხვედრილიყო ორგანიზმში ვერცხლისწყალი? გიული ალასანია პასუხობს: "მხოლოდ ხელოვნურად, იმიტომ, რომ ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის, თავად ვერ გადაყლაპავდა... ეს არის იმის საფუძველზე, რა გამოკვლევებიც მიღებულია... ეს დასკვნა დაწერილია მოწვეული ექსპერტების დასკვნების საფუძველზეც". მისივე ცნობით, დასკვნაში რამდენჯერმეა ნახსენები დემენცია.
ცენტრ "ემპათიაში" დასკვნის შინაარსზე ჯერ არ საუბრობენ. ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი საქართველოში არაა, "რადიო თავისუფლებამ" მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ცენტრის ექიმმა, ოთარ თოიძემ კი განაცხადა, რომ დიაგნოზი კონფიდენციალურია და გიული ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "არც ადასტურებს და არც უარყოფს".
"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ საწინააღმდეგოს ამტკიცებს მათი ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები. მისი თქმით, მათ, არამხოლოდ საქართველოში და არაერთხელ ჩაატარეს კვლევა მძიმე მეტალებზე, შედეგი კი უარყოფითი იყო.
"ის დასკვნა რაზეც საუბრობს უკვე რამდენიმე თვეა "ემპათია", გავიდა ეს დღეები და არ გვინახავს, ჩვენთან არანაირი დასკვნა არ წარმოუდგენიათ და არანაირი კონსულტაციები არ ჰქონიათ.
რაც შეეხება ინტოქსიკაციას, რაღაც მეტალებით, ჩვენ ჩატარებული გვაქვს არაერთგზის კვლევა ტოქსინებზე, მძიმე მეტალებზე, არამხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც და მსგავსი არაფერი არ აღმოჩენილა. არ ვიცი, რაზეა საერთოდ საუბარი. ლაბორატორიული კვლევები გავაკეთეთ საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლამდე და შემდეგაც", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ასევე ნახეთ "დიაგნოზები შეუთავსებელია პატიმრობასთან" - ცენტრმა "ემპათიამ" სააკაშვილის დასკვნაზე მუშაობა დაასრულაცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას."
"დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ეასადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა შეუთავსებელია პატიმრობასთან", - წერს მარიამ ჯიშკარიანი.
ცენტრ "ემპათიის" დასკვნაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექიმებიც მუშაობდნენ. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი საჯარო ამ ეტაპზე არ არის.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.