EPP ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისკენ. საქართველოს მთავრობას კი სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

"ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ბანერი

"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ევროკავშირსა და პარტნიორებს მილიარდერი ბიზნესმენის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისთვის სანციების დაწესებისკენ, საქართველოს მთავრობას კი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაცაა “საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური დევნა", EPP-მ დღეს 18 ნოემბერს მიიღო.

მასში ვკითხულობთ:

  • ვინაიდან ქართველი ხალხი მოელის თავისი ქვეყნის წინსვლას ევროპული ინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული, უსაფრთხო და აყვავებული მომავალი.
  • ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის აშკარა უგულებელყოფა.
  • ვინაიდან საქართველოს ციხეში პუტინის პირად ტყვედ მყოფი ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის და მოქმედი თანამდებობის პირის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ბრალდებების შესახებ “მთავარი არხის” მმართველი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მხოლოდ აძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ რეგრესს და ქვეყანაში რუსეთის გავლენას, რომელიც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობით და შემდგომში სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით.

"ევროპის სახალხო პარტია" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, ხოლო ევროკავშირსა და პარტნიორებს - დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს.

EPP მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მკაფიოდ დისტანცირდეს და დაგმოს სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ყალბი ინფორმაცია, რომელსაც მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები ავრცელებენ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ და ადანაშაულებენ მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაში.

EPP მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა მისი პოლიტიკური ოპონენტების და თავისუფალი მედიის მიმართ - უზრუნველყოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნით მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა ადეკვატური მკურნალობისთვის და გაათავისუფლოს ტელეკომპანია მთავარი დირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან;

EPP მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს დააწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლის გამო, საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და რეგიონულ უსაფრთხოებას.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია

მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება "ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ევროპის პარლამენტის უდიდესი და ყველაზე ძველი ჯგუფია.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გამუდმებით მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში სრულფასოვან მკურნალობას იღებს და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

ასევე ნახეთ "დიაგნოზები შეუთავსებელია პატიმრობასთან" - ცენტრმა "ემპათიამ" სააკაშვილის დასკვნაზე მუშაობა დაასრულა
  • ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა. ჯიშკარიანის თქმით, დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას."
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მიღებული გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად მაინც 3 წელი და 6 თვე დარჩა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
  • ევროპარლამენტში ლიბერალურ პარტიათა გაერთიანებამ - "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა ევროპისთვის" (ALDE) - 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს, თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი გამოიტანეს ყალბი ბრალდებებით, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - წერია განცხადებაში.