უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტერსკიმ განაცხადა, რომ რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა 63 ნაწამები სხეული იპოვეს.
"ამჟამად ხერსონის რეგიონის ტერიტორიაზე ნაპოვნია 63 ცხედარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძებნა ახლახან დაიწყო, კიდევ ბევრი წამების ადგილი და სამარხი იქნება აღმოჩენილი", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამჟამად გამომძიებლები ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, აღირიცხება წამების ყველა ფაქტი, ადგენენ მოწმეებს და მიმდინარეობს ცხედრების ექსჰუმაცია, - აღნიშნულია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ხერსონის რაიონის ტერიტორიაზე მომხდარ ომის დანაშაულებზე 436 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გარდა ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა აღმოაჩინეს პატიმრობის უკანონო აღკვეთის 11 ადგილი, სადაც რუსებს ადამიანები ჰყავდათ დატყვევებული. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სულ მცირე ოთხ ასეთ ადგილზე დაკავებულებს აწამებდნენ.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდაუკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.
ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი.