მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთთან ომში ახალ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია, გახშირდა მოსკოვიდან წამოსული სიგნალები კიევთან მოლაპარაკებების სურვილის შესახებ. ამავე დროს, 15 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტზე ზელენსკის მიერ წარმოდგენილი გეგმა არ მოეწონა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ასევე ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმყოფება.
- როგორ წარმოუდგენიათ მშვიდობა უკრაინაში?
- როგორია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე?
რა გეგმა აქვს პრეზიდენტ ზელენსკის?
მაშინ, როცა სხვა მონაწილეებს 3-3 წუთს აძლევდნენ, G20-ის სამიტის მონაწილეები, 15 ნოემბერს, პრეზიდენტ ზელენსკის ონლაინგამოსვლას თითქმის 20 წუთის განმავლობაში უსმენდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ „რუსეთის დამანგრეველი ომის შეჩერების დრო დადგა“ და ეს ომი უკრაინის პირობებით უნდა დასრულდეს.
მსოფლიო ლიდერებისთვის ზელენსკის მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს:
- რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას;
- სასურსათო უსაფრთხოებას;
- ენერგეტიკულ უსაფრთხოებას;
- ყველა ტყვისა და დეპორტირებულის გათავისუფლებას;
- გაეროს წესდების შესრულებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენას;
- რუსეთის ჯარების გაყვანასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას;
- სამართლიანობის აღდგენას;
- ეკოციდის აღკვეთას;
- ესკალაციის არდაშვებას;
- ომის დასრულების დამოწმებას.
ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ, უკრაინელები პრეზიდენტს ძირითადად მადლობას უხდიან და პრინციპულობისთვის აქებენ. „ბრავო, ჩემო პრეზიდენტო, არავითარი კომპრომისი მტერთან!!!“; „როგორი შესანიშნავი და გულწრფელი გამოსვლაა. მადლობა პრეზიდენტს!“ - წერენ უკრაინის მოქალაქეები და არა მხოლოდ. როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მსჯელობენ, უკრაინის მოქალაქეები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნებასაც გულისხმობენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა არ მოეწონა.
„G20-ის სხდომაზე ზელენსკის გამოსვლიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ის ჯერჯერობით არ უსმენს დასავლეთის რჩევებს [რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით]. არ ჩამოვთვლი, რაც მან თქვა, მაგრამ იყო მტრული რიტორიკა, რუსოფობიური, აგრესიული“, - რუსეთის მედიის თანახმად, ასე შეაფასა ზელენსკის გამოსვლა სერგეი ლავროვმა და მისთვის 20 წუთის დათმობაც გააპროტესტა.
რას ამბობს გენარალი ზალუჟნი?
მაშინ, როცა პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ომის დასრულების 10-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები მხოლოდ ერთადერთი პირობით შეჩერდებიან - „რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“ და ისინი არ მიიღებენ სხვაგვარ „მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს“.
ეს ყველაფერი გენერალმა ზალუჟნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის სატელეფონო საუბრის დროს უთხრა და ამის შესახებ თავად დაწერა ტელეგრამარხზე. მანამდე, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, სწორედ გენერალი მილი ლაპარაკობდა რუსეთთან უკრაინელების მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებაზე, თუკი ზამთარში წინსვლა შეუძლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში, სხვადასხვა დროს ბევრს ლაპარაკობდნენ პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის დაპირისპირების შესახებ (რაც ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა), ზალუჟნის ამ შემთხვევაში განსხვავებული არაფერი უთქვამს. მის მიერ დასახელებულ ერთადერთ პირობას („რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“) ასევე მოიცავს ვოლოდიმირ ზელემსკის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის არმიის გაყვანაზე აკეთებს აქცენტს.
არცერთ ტექსტში არ არის ცალკე ნახსენები ყირიმი.
უკრაინაში მიმდინარე ომში კრეატიულობითა და შედეგებით, ზალუჟნი მსოფლიოში სახელგანთქმული ადამიანი გახდა. მაგალითად ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, ბორის პინკუსი, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტ ტრამპის მომხრედ მიიჩნევს, „Фабрика новин“-ის ეთერში ამბობს, რომ გენერალი ზალუჟნი დედამიწის საუკეთესოთა ნაკრების მთავარსარდლობას იმსახურებს.
„ზალუჟნი სუპერგმირია. თუკი დედამიწის დასაცავად, საუკეთესოთა ნაკრები შეიქმნებოდა სხვა პლანეტასთან საომრად, ზალუჟნის მთელი დედამიწის მთავარსარდლად დავნიშნავდი“, - ამბობს ის.
ეჭვები ფარულ შეთანხმებაზე
ხერსონიდან რუსეთის არმიის უკანდახევამდე, 4 ნოემბერს, კიევში მოულოდნელად ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი და, გარკვეულწილად, სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს უკრაინელი ექსპერტების ერთი ნაწილი რუსეთის შენაერთების „ძალიან მსუბუქ“, „პრაქტიკულად უდანაკარგო“ გასვლას დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან. მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი ვარაუდობს, რომ პუტინმა უკანდახევა რაღაცაში გაცვალა და ეს შესაძლებელია ყოფილიყო - კონფლიქტის გაყინვაც.
„რუკაზე დახედვა საკმარისი იყო, გვეთქვა, რომ ეს იყო განწირული დაჯგუფება და მისი განადგურება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ეს დაჯგუფება [რუსეთის] სრულ ალყაში იყო რამდენიმე თვის განმავლობაში... როდესაც ასეთი ალყიდან, უდანაკარგოდ გადის ჯარი, ეს შეიძლება იყოს რაღაც მოლაპარაკების ამბავი, შესაძლოა არა ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, არამედ სადღაც სხვაგან“, - აცხადებს რომან სვიტანი ოუთუბარხის ეთერში.
რაც შეეხება შედეგს, ექსპერტის განმარტებით, გადარჩენილი რუსი სამხედროები უკრაინელებს სავარაუდოდ დონეცკის ფრონტზე, ბახმუტთან დაუპირისპირდებიან „და ეს პრობლემაა“; ხოლო სხვა მხრივ, რომან სვიტანი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გათვლილი, სწორი სტრატეგიით მოქმედებენ და რუსეთის არმიასაც სწორედ მათი დამსახურებით დაუდგა ხერსონის დატოვების აუცილებლობა.
თავდაპირველი ეჭვები The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ გააჩინა, სადაც ეწერა, რომ სალივანმა რეკომენდაცია მისცა ზელენსკის გუნდს - იფიქრონ რეალისტურ სამშვიდობო მოთხოვნებზე და გადახედონ ყირიმის დაბრუნების მიზანთან დაკავშირებულ განცხადებებს. თავად სალივანს ოფიციალურად მსგავსი არაფერი უთქვამს.
ამ ყველაფერს დროში დაემთხვა კიდევ ერთი ვერსია
როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში, სოციალურ ქსელებში, აქტიურად განიხილავენ რუსეთიდან წამოსულ სიგნალებს - მოსკოვისთვის დასავლეთის მიერ გარკვეული ულტიმატუმების შეთავაზების შესახებ. ეს გეგმა გასულ კვირაში, რუსმა პროფესორმა, ვალერი სოლოვეიმ გაასაჯაროა. მან თქვა, რომ გეგმის კონტურები შეთანხმებულია უკრაინის ხელისუფლებასთან; ხოლო პუტინის გარემოცვაში მას არაერთი მხარდამჭერი ჰყავს.
ამ გეგმის თანახმად:
- რუსეთი სრულად ტოვებს უკრაინის ტერიტორიას, დონეცკისა და ლუგანსკის ჩათვლით, ყირიმის გარდა;
- ყირიმს 7 წლით ენიჭება განუსაზღვრელი სტატუსი და ხდება მისი დემილიტარიზება;
- რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ტოვებს ყირიმს;
- უკრაინის საზღვრებზე, რუსეთთან და ბელარუსთან, იქმნება 100- კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა;
- უკრაინა 7 წლის განმავლობაში არ წამოაყენებს ნატოში გაწევრიანების საკითხს;
- მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა გადავა რუსეთის ტერიტორიაზე;
- 2023 წელს, რუსეთი ხელს არ შეუშლის დნესტრისპირეთის დაბრუნებას მოლდოვის შემადგენლობაში;
- რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლება და სამოქალაქო ისტაბლიშმენტი არ დაისჯება უკრაინაში ნამოქმედარისთვის.
ამ გეგმის შესახებ ოფიციალური განცხადებები არ კეთდება და არც სხვა უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. თავად სოლოვეი ამბობს, რომ გეგმის არსებობას რამდენიმე წყარო უდასტურებს, მაგრამ შეთანხმების ტექსტი საბოლოო არ არის. ამ გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, სოლოვეის, როგორც თავად აღნიშნავს, სიტყვიერად არაერთი ადამიანი დაესხა თავს, როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან და მას მოღალატეც უწოდეს.
რუსეთის გაფრთხილება
კიევში სტუმრობის შემდეგ, 7 ნოემბერს, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, The Wall Street Journal წერდა, რომ ჯეიკ სალივანს ბოლო თვეებში კონფიდენციალური საუბრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვთან და უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან. თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, განხილვის თემა იყო არა ომის შეჩერება უკრაინაში, არამედ - უკრაინის გამო გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება. ეს ნიშნავს მოსკოვის გაფრთხილებას, არ გამოიყენოს ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი და შეინარჩუნოს კავშირის ღია არხები.
როგორც იუწყებიან, ასევე ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საპასუხო ქმედებებზე რუსეთის გაფრთხილებას ისახავდა მიზნად ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს(CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ჩასვლა თურქეთის დედაქალაქში, სადაც ის 14 ნოემბერს, რუსეთის დაზვერვის შეფს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. ეს ცნობა ორშაბათს სააგენტო "AP"-მა გაავცელა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ოფიციალური პირის ინფორმაციით, უკრაინის წარმომადგენლებს ამ შეხვედრის შესახებ ცნობები მიაწოდეს და ეს ბერნსის თურქეთში ჩასვლამდე მოხდა.
უკრაინელ ანალიტიკოსებს ნორმალურად მიაჩნიათ, რომ ომისგან გატანჯული და დაღლილი ადამიანები ხშირად ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. თუმცა ასევე ხშირად იხსენებენ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ახლახან კვლავ გამეორებულ სიტყვებს - "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე". დასმული შეკითხვის საპასუხოდ, პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ უკრაინამ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია და მოლაპარაკებებში ჩართვა უკრაინის გადასაწყვეტია.
აშშ-ის მოქალაქე, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი იური შვეცი, მათ შორის - საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ G20-ის სამიტს დასავლეთის ქვეყნები პუტინის რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ და მათ მიზანს „კაცობრიობის მტრისგან“ [პუტინისგან] პოტენციური მოკავშირეების - ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ჩამოშორება წარმოადგენს, რათა დააზღვიონ სანქციების გვერდის ავლა.
„არ იქნება არავითარი ფარული გარიგება, არავითარი მოლაპარაკება, რომლის ფარგლებშიც უკრაინა თავის ტერიტორიებს დაკარგავს“, - ამბობს შვეცი.