უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობა იქნება რუსეთის გასვლა უკრაინის ყველა დაპყრობილი ტერიტორიიდან.
14 ნოემბერს, გვიან ღამით, გენერალმა ზალუჟნიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის, რომელსაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროები იბრძოლებენ, სანამ ძალა ეყოფათ.
ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მათი მიზანია რუსული ოკუპაციისგან მთელი უკრაინის გათავისუფლება და ამ გზაზე არანაირი პირობით არ გაჩერდებიან. „უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. პირობა მოლაპარაკებისთვის ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაპყრობილი ტერიტორია“, - წერს გენერალი ზალუჟნი ტელეგრამ-არხზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ინფორმაციით, გენერალ მილის გააცნო ოპერატიული ვითარება და უკრაინის თავდაცვის ძალების უპირველესი საჭიროებები. გენერალ ზალუჟნის შეფასებით, ფრონტზე სტაბილური და კონტროლირებული სიტუაციაა.