Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პირადად სთხოვს უკრაინას, აჩვენოს რუსეთს, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის - Washington Post-ი


პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კონფიდენციალურად მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და უარი თქვან საჯარო პოზიციონირებაზე, რომ არ ჩაერთვებიან სამშვიდობო მოლაპარაკებაში, სანამ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია, იტყობინება Washington Post-ი.

გამოცემა ციტირებს ინფორმირებულ ანონიმურ წყაროებს, რომელთა თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირების მიზანი არ ყოფილა უკრაინის იძულება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ესაა მცდელობა, კიევმა არ დაკარგოს მხარდაჭერა ქვეყნებისა, რომლებსაც არ სურთ მრავალწლიანი კონფლიქტი.

Post-ი წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები იზიარებენ უკრაინელი კოლეგების შეფასებას, რომ პუტინი ამჟამად სერიოზულად არაა განწყობილი მოლაპარაკებების მიმართ. ამასთან, ისინი აღიარებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი მოლაპარაკებებზე შეშფოთებას იწვევს ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში, სადაც საკვებისა და საწვავის ფასებზე ომის გავლენა ყველაზე მკვეთრად იგრძნობა.

„ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი რეალურად დაღლილია უკრაინით“, - ციტირებს Post-ი ერთ-ერთ ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირს.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა:

„ადრეც ვთქვით და კიდევ ვიტყვით: მოქმედება სიტყვებზე ხმამაღალია. თუ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, მან უნდა შეაჩეროს ბომბები და რაკეტები და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან... კრემლი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას. კრემლი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აჩვენებს, რომ არ სურს სერიოზულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში“.

სპიკერმა ასევე გაიხსენა ზელენსკის სიტყვები, რომელთა თანახმად: „ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, სამართლიანი მშვიდობისთვის, რომლის ფორმულაც არაერთხელ გავაჟღერეთ“.

პარასკევს მიმართვაში ზელენსკიმ დაამატა: „მსოფლიომ იცის ჩვენი პოზიცია. ეს არის გაეროს წესდების პატივისცემა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ჩვენი ხალხის პატივისცემა“.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პარასკევს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი დარჩება.

XS
SM
MD
LG