უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ზელენსკის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მან დუდას მიუსამძიმრა „რუსეთის სარაკეტო ტერორის“ შედეგად პოლონეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, განიხილეს არსებული ინფორმაცია და ყველა ფაქტს არკვევენ. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა, პოლონეთი, მთელი ევროპა და მსოფლიო სრულად უნდა იყვნენ დაცული ტერორისტი სახელმწიფოსგან.
პოლონეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს, რუსეთმა უკრაინაზე 90 რაკეტით მიიტანა კიდევ ერთი მასირებული იერიში და დააზიანა ენერგოსისტემა, საწარმოები და საცხოვრებელი სახლები.
გასულ ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ მოხდა ისიც, რის შესახებაც უკრაინა დიდი ხანია ყველას აფრთხილებს, რომ ტერორი უკრაინის საზღვრებით არ შემოიფარგლება და 15 ნოემბერს, რუსული რაკეტები მოხვდა პოლონეთსაც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა არის რუსეთის შეტევა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და მნიშვნელოვანი ესკალაცია, რასაც მოქმედება სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ატერორებს ყველას, ვისაც მისწვდება და ამის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
ასევე ნახეთ პოლონეთის ხელისუფლება ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში რაკეტა აფეთქდა. დაიღუპა 2 ადამიანი. მალევე, მედიით გავრცელდა ცნობები, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას უწოდა „გამიზნული პროვოკაცია ვითარების ესკალაციის მიზნით.“
15 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლვოვის ოლქზე.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პშევოდუვში აფეთქება იყო ერთგზის მომხდარი ინციდენტი და ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს. პრეზიდენტ დუდას თანახმად, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ასევე ნახეთ ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლესპოლონეთში რაკეტის აფეთქების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ინდონეზიაში იმყოფება "დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტზე, საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების მეთაურებთან. ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.