ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა ის ნაწილი, რომელმაც საზღვარგარეთის პასპორტი, ადგილზე, რუსეთის უკანონო საელჩოებში აიღო. მათ აღარ აძლევენ შენგენის ვიზას და, შესაბამისად, აღარც ევროკავშირის ქვეყნებში შეუშვებენ. არადა, გული მათ აშკარად დასავლეთისკენ მიუწევთ - შვილებს იქ ასწავლიან, მშობლები, და-ძმები, მეგობრები იქ ჰყავთ.
- რას უპასუხებს სოხუმს ევროკავშირი?
- რა გამოსავალი არსებობს რუსული ოკუპაციით ჩაკეტილი წრიდან?
9 ნოემბერს, როცა სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის თანათავმჯდომარეებს ხვდებოდა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარსა და გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუს აკრძალულ პასპორტებსა და „მსოფლიოში გადაადგილების თავისუფლების“ შეზღუდვაზეც ჩამოუგდო ლაპარაკი.
„ამ კონტექსტში აქტუალური ხდება აფხაზეთის ეროვნული პასპორტების აღიარება მსოფლიოში გადასაადგილებლად გამოსადეგ დოკუმენტებად“, - ასეთია ტუჟბას პოზიცია, რომლის გამყარებასაც კოსოვოსთან დაკავშირებული მაგალითით ცდილობს და გადადგილების თავისუფლებით „ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაზეც“ ამახვილებს ყურადღებას.
„ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს“, - უთხრა სტუმრებს ტუჟბამ.
„[ევროკავშირის გადაწყვეტილება] არ არის მიმართული აფხაზეთის მოსახლეობის წინააღმდეგ და უკავშირდება რუსეთის პოლიტიკას“, - ასე ციტირებენ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს აფხაზური წყაროები.
ასევე ნახეთ შენგენის ზონაში არ მიიღებენ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს ასევე ნახეთ ევროპარლამენტი არ ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ დოკუმენტებსგაუფასურებული რუსული პასპორტი აწუხებთ ცხინვალის რეგიონშიც. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი, ადგილობრივი, მსოფლიოს მიერ აუღიარებელი მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობასა და რუსულ პასპორტებსაც ფლობს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე აცნობიერებენ, რას კარგავენ რუსეთის პოლიტიკის გამო
„ევროპული ქვეყნები აფხაზეთს არ ცნობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსული პასპორტების დახმარებით ხალხს შეეძლო ევროპაში გამგზავრება, ნათესავებთან შეხვედრა. ჩვენი სტუდენტები სწავლობდნენ ევროპაში, ხალხს შეეძლო ემოგზაურა ევროპაში, ბიზესკავშირების გასაბმელად ჩასულიყვნენ და ა.შ. ახლა კი გამოდის, რომ აფხაზეთი მოწყვეტილია ევროპას და პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოს. ცხადია, გარდა მცირე რაოდენობის იმ ქვეყნებისა, რომლებიც აღიარებენ ჩვენს პასპორტებს“ , - ამბობს ერთ ერთი რესპონდენტი გამოკითხვაში, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა ახლახან სოხუმის ქუჩაში ჩაატარა.
ცხინვალში ჩატარებული ასეთივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ იქაურებს არა მხოლოდ ევროპაში გამგზავრების, არამედ თურქეთსა თუ სომხეთში გამგზავრების პერსპექტივის გაქრობა და სრული იზოლაციაც აშინებთ, რადგან ევროკავშირმა მათი პასპორტები პრაქტიკულად ძალადაკარგულად გამოაცხადა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმუქრებიან კიდეც
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთში გაწვრთნილი, კრემლის მთავარი მოკავშირე - ინალ არძინბა ევროპული ფულით დაფინანსებულ პროგრამებს „ტვინის გამორეცხვასა“ და „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ სდებს ბრალს. მაისიდან მან აფხაზეთში არაერთი ასეთი პროექტი დახურა და ცალკეული პირები პერსონა ნონ გრატადაც გამოაცხადა.
ასევე ნახეთ სოხუმი და ცხინვალი ძალადაკარგული რუსული პასპორტებით ასევე ნახეთ ევროპის კავშირმა გადაწყვიტა, რომ არ აღიარებს უკრაინასა და საქართველოში გაცემულ რუსულ პასპორტებს
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი გვეუბნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა გამოსავლის ძიება თავადაც დაიწყეს და ბოლო კვირებში, პირადად მასაც, ცხინვალიდან შეკითხვებით არაერთი ნაცნობი მიმართავს.
„ამჟამად ძალიან ბევრია იქიდან [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან] ჩამოსული, საქართველოს პასპორტებისა და მოქალაქეობის მიღების იმედად. ეს მოთხოვნა შეუდარებლად არის გაზრდილი ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიტუაცია გადატყდა და ყველამ დაინახა, როგორ გაუჭირდა რუსეთს უკრაინასთან ომში. მე ცხინვალის მიმართულებით მაქვს მჭიდრო კავშირები, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის მიმართულებითაც იგივე სიტუაციაა“, - ამბობს ბენდიანიშვილი და აღნიშნავს, რომ მისმა ორმა ნაცნობმა გასულ კვირაში განაახლა საქართველოს ძველი პასპორტები. ექსპერტი ასევე ამბობს, რომ გაზრდილი მოთხოვნა მას თანამდებობის პირმაც დაუდასტურა.
ზურაბ ბენდიანიშვილს ეეჭვება, რომ საქართველოს სახელმწიფო პასპორტს იოლად აძლევს, ანდა უნდა აძლევდეს ნებისმიერ მსურველს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რადგან „ამ ხალხს ძირითადად საზღვარგარეთ სამუშაოდ უნდა წასვლა“ და შეუძლებელია „სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ ადამიანის ნამოქმედარზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციას უჭერს მხარს“.
რას სთავაზობს თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს?
ამ შეკითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, საიდანაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში გადაგვამისამართეს, ხოლო იქ იუსტიციის სამინისტრო გვირჩიეს. იუსტიციის სამინისტროსაც მივმართეთ, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს კიდევ უფრო დააფიქრებს და მით უფრო ახლა, როცა უკრაინაში რუსეთის არმიის წარუმატებლობა სულ უფრო დამაჯერებელი ხდება.