ვოლოგდიდან მობილიზებულ რუს რეზერვისტთა მეუღლეები ქმრების სახლში დაბრუნებას მოითხოვენ

ვოლოგდიდან მობილიზებულთა ცოლები ვიდეომიმართვის დროს

რუსეთის ვოლოგდის ოლქიდან მობილიზებულ რეზერვისტთა ცოლებმა და დედებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა ოლქი გუბერნატორის, ოლეგ კუვშინნიკოვის სახელზე - ისინი უკრაინის ფრონტის ხაზიდან თავიანთი ნათესავების დაბრუნებას ითხოვენ.

სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ აღნიშნული ვიდეომიმართვა მისმა ერთ-ერთმა თანაავტორმა, ელენა კუზნეცოვამ გამოაქვეყნა. კუზნეცოვას ინფორმაციით, ვოლოგდიდან მოქალაქეთა დიდი ჯგუფის მობილიზება ოქტომბრის დასაწყისში მოხდა. ამის შემდეგ მობილიზებულები გადასამზადებლად მიამაგრეს კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს, სადაც მათ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უხდებოდათ ცხოვრება.

ასევე ნახეთ

რუსეთში მობილიზებულთა ახლობლები ჰყვებიან ფრონტზე არსებულ სავალალო ვითარებაზე

ხოლო 1 ნოემბერს მათი ნათესავები გადაისროლეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის წინა ხაზზე, სადაც უკრაინის არმიამ მალე ისინი „ცეცხლის რკალში“ მოაქცია.

„შეიარაღებიდან მათ მხოლოდ ავტომატები ჰქონდათ. ბიჭები უკრაინის არმიის მხრიდან მძლავრ და გამანადგურებელ საარტილერიო დაბომბვაში აღმოჩნდნენ. მათ უტევდნენ დრონებიდან და თავზე აცვივოდათ მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ფოსფორიანი ბომბები. ბიჭები აღმოჩნდნენ მომწყვდეულნი ცეცხლის ალყაში, მათ ხოცავდა როგორც მოწინააღმდეგე, ისე ჩვენი, რუსეთის არმია“, - ნათქვამია გუბერნატორისადმი ვოლოგდელ მობილიზებულთა დედებისა და ცოლების ვიდეომიმართვაში.

ანალოგიური მიმართვა, გასულ კვირაში, ვორონეჟიდან მობილიზებულთა ნათესავებმაც გაავრცელეს. მიმართვის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ მობილიზებული მოქალაქეები სარდლობამ გადაისროლა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოსთან, სადაც უკრაინის არმიის ინტენსიური იერიშის შედეგად ასობით რუსი სამხედრო დაიღუპა.