ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მალე ჩატარდეს

ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მალე უნდა ჩატარდეს, რადგან "დასაკარგი დრო არ არის". მან ბრიფინგზე თქვა, რომ პარტიულ საქმიანობაში ღიაობა მნიშვნელოვანია.

"უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო "ნაციონალურ მოძრაობაში". მივესალმები ჩემი კოლეგების, თანამებრძოლების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, ღიაობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად, იმიტომ რომ დასაკარგი დრო არც "ნაციონალურ მოძრაობას "და არც ქართველ ხალხს არ აქვს....

ამ პარტიას სჭირდება გადახალისება. ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია მისი ამომრჩევლისგან. ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს მის ამომრჩეველს - ყველანაირი დაპირისპირება, გაუგებრობა, რაიმე სახის მინიმალური დაპირისპირებაც კი ჩემთვის არის მიუღებელი", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა გუშინ, 9 ნოემბერს, პრესკონფერენცია გამართა.

ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები

პარტიის წევრის, აკო მინაშვილის თქმით კი, ამ ბრიფინგის ჩატარება მისთვის მოულოდნელი იყო.

"ის ფორმა ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ამ პერიოდში ასეთი ბრიფინგი ასე მოულოდნელად იქნა ჩატარებული. რაც შეეხება არჩევნებს, ამის მზაობა არსებობს. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, რომ ჩატარდეს", - თქვა მან.

გუშინ საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც და თქვა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია".

ასევე ნახეთ ნიკა მელია: თუ რამეა ჩემთვის კომფორტული, ეს არჩევნებია

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა.

"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ.

ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მანამდე "TV პირველის" ეთერში მელიამ ისაუბრა პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

"როდესაც შენ პარტნიორს ხელს ართმევ და მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეჭვი, განცდა, რომ ეს ხელის ჩამორთმევა არ უნდა გულისხმობდეს პოლიტიკური არაფორმალური გავლენის შემოტანას პარტიაში, მე რისკზე არ მივდივარ... [როცა] შესაძლებელია პარტიაში არაფორმალური გავლენები შემოვიდეს, მე ასეთ ადამიანთან მინდა შევწყვიტო პარტნიორობა... პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ასეთი პარტნიორული ურთიერთობა სახიფათოა ამ პარტიისთვის და შესაბამისად, შემდეგში შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის... პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - თქვა ნიკა მელიამ.

ასევე ნახეთ ნიკა მელიას თქმით, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობა სახიფათოა პარტიისთვის

კიდევ უფრო ადრე, 21 სექტემბერს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მისი შეფასებით, დავით კეზერაშვილი "მოოლიგარქო ტიპია".