თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 წლის ბიჭს, რომელსაც თანატოლის დაჭრა ედება ბრალად, შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 9 ნოემბერს, მიიღო.
შემთხვევა თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში 30 მაისს მოხდა. ბრალდებული შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იყო.
ასევე ნახეთ მეტრომშენში თანატოლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა"დაცვის მხარემაც დავასრულეთ მტკიცებულებების წარდგენა, დავკითხეთ მოწმეები. ასევე დაიკითხა ბრალდებული და დაცვის მოწმეები... საფრთხე, რომ მოწმებებზე მოხდებოდა ზემოქმედება, აღარ არსებობდა. ასევე, დახასიათებები იქნა წარდგენილი", - უთხრა რადიო თავისუფლებას 16 წლის ბიჭის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
დაკავებულს თანასკოლელის დაჭრა არასდროს უღიარებია. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დამნაშავე რომ არ არის, ამბობს დაჭრილი მოზარდიც.
"დაზარალებულის ჩვენება არათუ არ მიანიშნებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, არამედ გამორიცხავს, რადგან პირველივე დაკითხვის დროს თქვა, რომ ის დაიჭრა ჩხუბის დაწყებიდან 4-5 წამში და იმ დროის განმავლობაში ბრალდებული მისი თვალთახედვის არეში არ ყოფილა. ეს პირდაპირ გამორიცხავს მის ბრალეულობას", - ამბობს ადვოკატი.
შემდეგი სხდომა 19 დეკემბერსაა დანიშნული. ამ დღეს მხარეებმა შემაჯამებელი სიტყვით უნდა მიმართონ სასამართლოს. დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლებს ბრალდებული მოზარდიც. ჯერ უცნობია, ამ დღეს იქნება თუ არა განაჩენიც.
ასევე ნახეთ 12 წლით ციხეში - როგორ იყენებს პროკურატურა ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს მეათეკლასელის წინააღმდეგ ასევე ნახეთ რას შეცვლის რადიო თავისუფლების გამოძიება თანატოლის მკვლელობის მცდელობის საქმეში?