უკრაინის გენშტაბის ცნობით, განადგურებულია ბატალიონ "ახმატის" 30-ზე მეტი წევრი

საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დღეს განაცხადეს, რომ დააზუსტეს თავდაცვის ძალების მიერ წინა დღეებში განხორციელებული რამდენიმე შეტევის შედეგები. მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული.

ასევე ნახეთ კადიროვი აცხადებს, რომ "ნატოს ქვეყნების იოლად აღებაც" შეუძლიათ

კადიროვი იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი.