როგორ გაქრა კლუბში გატარებული საათები ახალგაზრდა ქალების მეხსიერებიდან

საილუსტრაციო ფოტო: ღამის კლუბი

ბოლო, რაც ლილეს [სახელი შეცვლილია] იმ ღამიდან ახსოვს, არის როგორ მოსვა მეოთხე ჭიქა არაყი-ენერგეტიკულით. მან მეორე დღეს სახლში გაიღვიძა სახსრების ძლიერი ტკივილითა და დიდი ბზარით მეხსიერებაში.

როგორც გაირკვა, წინა ღამით, ლილე უცნობ კაცთან ერთად უცხო ადგილას მოხვედრას ტაქსის მძღოლის წყალობით გადაურჩა.

„[მძღოლმა] არ იქცეოდა ეს ბიჭი შესაბამისადო. მიხვდა, რომ მე ვერ ვიყავი კარგად და არ ვიცნობდი ამ ადამიანს. იმ მდგომარეობაშიც მომიხერხებია და ჩემი მისამართი მითქვამს ტაქსისტისთვის. ამ ბიჭს დაუწყია ჩხუბი, მანდ არ ცხოვრობს, სადაც გეუბნები იქ ცხოვრობსო. მე საერთოდ არაფერი მახსოვს. ოჯახის წევრებისგან გავიგე, რომ უგონო მდგომარეობაში ვიყავი ფაქტობრივად“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

ლილე ვარაუდობს, რომ იმ ღამეს კლუბში ის ე.წ. სპაიკინგის [Spiking] მსხვერპლი გახდა. „სპაიკინგია“, როდესაც ვინმე ჩუმად ურევს ალკოჰოლს ან ნარკოტიკს სხვა ადამიანის სასმელში. ის ამის შედეგად დუნდება, თვალებში უბნელდება და მეხსიერებაშიც ჩავარდნები უჩნდება.

საილუსტრაციო ფოტო: ერთ-ერთი ღამის კლუბი

ლილე იხსენებს, რომ რაღაც მომენტში ალკოჰოლის ჭიქა, იქვე დადო, ცეკვა გააგრძელა, ხოლო როცა მიუბრუნდა… სწორედ აქედან წყდება მისი მოგონებები.

„სპაიკინგს“ შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს, მათ შორის, გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა ან შევიწროება, გაქურდვა. ნარკოტიკების ზიანის შემცირების ორგანიზაცია „მანდალას“ განმარტებით, საქართველოში „სპაიკინგისთვის“ საჭირო ნივთიერებები ლეგალური და მარტივად ხელმისაწვდომია.

ალკოჰოლი ისედაც ადუნებს და გონებას ბინდავს და კიდევ ერთ სუბსტანციას რომ ურევ, საშიში კომბინაცია ხდება
- ნატა ასპანიძე, „მანდალა“

ხშირად, მიზანში იღებენ მათ, ვისაც ირგვლივ მეგობრები ან ნაცნობები არ ჰყავს. საკმარისია რამდენიმე წამით უყურადღებოდ დატოვო სასმელი, ან ჭიქა სულაც ხელში გეჭიროს და უბრალოდ გვერდზე გაიხედო, რომ ვიღაცამ შენთვის უცნობი ნივთიერება ჩაგიყაროს. 20-30 წუთში ადამიანი კარგავს ლაპარაკის, მოძრაობის და წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ეფექტი შესაძლოა გაგრძელდეს 2-დან 6 საათამდე და უფრო დიდხანსაც. ამ დროის უდიდესი ნაწილი გამოფხიზლების შემდეგ ადამიანს საერთოდ არ ახსოვს.

ზოგიერთ ასეთ ნივთიერებას ნებაყოფლობით იყენებენ უფრო სასიამოვნო სექსისთვის, თუმცა დაბალი დოზებით. „სპაიკინგის“ დროს კი, როგორც წესი, ჭიქაში დიდ დოზებს ყრიან, რაც უფრო მძიმე და ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.

„ეს ნარკოტიკები ცალკე ნაკლებად საზიანო შეიძლება იყოს, მაგრამ მცირე ალკოჰოლთან შერევით, უფრო ძლიერდება. ალკოჰოლი ისედაც ადუნებს და გონებას ბინდავს და კიდევ ერთ სუბსტანციას რომ ურევ, საშიში კომბინაცია ხდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „მანდალას“ წარმომადგენელი, ნატა ასპანიძე და ამატებს: „ზოგიერთი ნივთიერება ფსიქოაქტიურიცაა, ამიტომ შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს მათთვის, ვისაც აქვს მიდრეკილება შიზოფრენიისკენ ან ბიპოლარული აშლილობისკენ. უფრო საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლების რეკრეაციულად საერთოდ არ მოიხმარენ ნარკოტიკებს. ბევრია, რომელიც ამბობს, რომ არაფერი მოუხმარია გარდა ალკოჰოლისა და შოკი იყო ორგანიზმისთვის“.

***

„სპაიკინგი“ ახალი პრაქტიკა არაა, თუმცა საქართველოში ქალებმა მასზე ხმამაღლა ლაპარაკი მხოლოდ ახლახან დაიწყეს.

თავდაპირველად ლილემ თავისი ამბავი რეივერების დახურულ ფეისბუკ ჯგუფში მოყვა, რითაც ბიძგი და გამბედაობა მისცა სხვა ქალებს, ასევე გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილებები.

გვანცა [სახელი შეცვლილია] „1000%-ით დარწმუნებულია“, რომ ჯინ-ტონიკის გარდა, თავისი ნებით არაფერი დაულევია, თუმცა მისი მახსოვრობიდან კლუბში გატარებული 6 საათი სრულად წაშლილია. იმ ღამეს, როგორც ყოველთვის, ის კლუბში მარტო იყო.

„მესამე ჯინ-ტონიკი ვიყიდე, [ღამის] 4 საათი იყო, მერე არც ერთი დეტალი არ მახსოვს. როგორც გავარკვიე, 7 საათისკენ მნახა ნაცნობმა, ვყოფილვარ ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში, თან ძალიან აფორიაქებული. მქონდა ღებინება დიდი ხნის განმავლობაში და მერე საერთოდ გავითიშე. 4 დან 7 საათამდე საერთოდ არ ვიცი რა მოხდა“, - ეუბნება გვანცა რადიო თავისუფლებას და ამატებს: „მახსოვს, რომ როცა ვცეკვავდი, რაღაც მომენტში ჭიქა დავდგი ბარზე და მერე ავიღე. სავარაუდოდ, ამ მომენტში რაღაც ჩამიყარეს“.

ასეთი გამოცდილებები არის ხოლმე დიდი თავყრილობების შემთხვევაში
- ბაია პატარაია, „საფარი“

კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქალმა, ერთი ჭიქა სასმლის შემდეგ, ხუთი საათით დაკარგა რეალობის აღქმა, ხოლო როცა გამოფხიზლდა, არც ერთი ნივთი აღარ ჰქონდა თან.

რადიო თავისუფლებისთვის, ასევე, ცნობილია შესაძლო სექსუალური ძალადობის შემთხვევის შესახებ, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა გაიღვიძა ტკივილით, წაშლილი მახსოვრობითა და ღრმა რწმენით, რომ კლუბში გააუპატიურეს.

„ასეთი გამოცდილებები არის ხოლმე დიდი თავყრილობების შემთხვევაში“, - ამბობს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი, ბაია პატარაია და ამატებს: „მე ვფიქრობ, რომ სადაც იყიდება ალკოჰოლი ლეგალურად, განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც მოწყვლადები არიან სქესობრივი დანაშაულების მიმართ, მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს იგივე კლუბი იქნება, ბარი იქნება თუ კაფე“.

***

საილუსტრაციო ფოტო: ერთ-ერთი ღამის კლუბი

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი სავარაუდო „სპაიკინგის“ ბოლოდროინდელი შემთხვევები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და პოპულარულ კლუბში, „ბასიანზე“ მოხდა. ახალგაზრდა ქალები ჰყვებიან, რომ „ბასიანის“ წარმომადგენლები დაინტერესდნენ მათი ამბებით და დახმარებაც გაუწიეს.

ნაჯა ორაშვილი, „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კლუბი, ქვიარ-ფემინისტ აქტივისტებთან თანამშრომლობით ცდილობს სივრცე უფრო მეტად დაცული და უსაფრთხო გახადოს.

ყველა, ვინც ამბობს, რომ ეს სივრცეები არის უსაფრთხო, იტყუება
- მარი კურტანიძე, დამოუკიდებელი ქვიარ-ფემინისტი

„ამ ეტაპზე კლუბში მოქმედებს ე.წ. საცეკვაო მოედნის მენეჯერების სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბის სივრცეში სტუმრების უსაფრთხოებას ძალადობის, შევიწროების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან ნებისმიერი არასასურველი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად. ამასთან ერთად, შექმნილია ე.წ Awareness Team (ცნობიერების ამაღლების ჯგუფი), რომლის წევრებიც მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად მოძრაობენ როგორც კლუბის სივრცეში, აგრეთვე მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, რაც სტუმრებს საშუალება აქვთ საეჭვო შემთხვევების დაფიქსირებისთანავე შეგვატყობინონ და მიიღონ სათანადო დახმარება“, - ამბობს ის.

თბილისის მოწინავე ტექნო კლუბები პოზიციონირებენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესები. თუმცა ზოგი კლუბისთვის ეს მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი იმიჯია.

„ყველა, ვინც ამბობს, რომ ეს სივრცეები არის უსაფრთხო, იტყუება. დავიღალე წლების განმავლობაში, ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების და ძალადობის ისტორიების მოსმენით და მგონია, რომ ამ პრობლემაზე ყველამ ხმამაღლა და საჯაროდ უნდა ვისაუბროთ. განსაკუთრებით იმ სივრცეებში არსებულ პრობლემებზეა საუბარი საჭირო, სადაც მოლოდინია, რომ უსაფრთხო სივრცე დაგხვდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქვიარ-ფემინისტი, მარი კურტანიძე და ამატებს, რომ პირადად აქვს გამოცდილი სექსუალური შევიწროება და ძალადობა, მათ შორის, კლუბის და ბარის მფლობელი კაცების მხრიდან.

მარი, რომელიც „ბასიანზე“ ქვიარ ღამეების სერიის, „ჰორუმის“ ორგანიზატორიცაა, ამბობს, რომ კლუბის პოლიტიკა და მისი წარმომადგენლები გენდერულად არასენსიტიურები არიან. მისივე თქმით, არსებული უსაფრთხოების ზომები პრობლემას მხოლოდ ზედაპირულად ეხება. დღემდე, ღამით, სიბნელეში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის მდგომარეობას კაცები ხშირად ბოროტად იყენებენ.

„ყველა დაწესებულება, რომელიც ღონისძიებას აორგანიზებს, ვალდებულია შეიმუშაოს მკაცრი პოლიტიკა ქალების უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს მარი და ამატებს: „ბასიანმა გამოთქვა სურვილი, რომ მხარი დაუჭიროს კვლევას და ითანამშრომლოს კლუბში დასაქმებული ადამიანებისთვის გადამზადების ნაწილშიც. დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავს ინიციატივას სხვა კლუბებიც შემოუერთდებიან“.

***

როგორც კი ლილემ უკეთესად იგრძნო თავი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიდა. თუმცა ისე გამობრუნდა, რომ ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.

„მითხრეს, რომ თუ რამე ნივთიერება აღმოგაჩნდება და თუ შემდეგ ძალადობა არ დადასტურდება, „ისტორია გაგიფუჭდებათო“. მეორე დღეს პოლიციაში მივედი, მითხრეს რთულად დასამტკიცებელი საქმეაო“, - ამბობს ლილე.

„სპაიკინგთან“ დაკავშირებული საქმეების გამოძიება უკიდურესად პრობლემურია, ეუბნება რადიო თავისუფლებას ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი, ბაია პატარაია.

საქართველოს კანონმდებლობით, გაუპატიურებად ითვლება სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, ძალადობითა და მუქარით, ან უმწეობის გამოყენებით.

„სპაიკინგი შეიძლება არ ჩაითვალოს, როგორც უმწეო მდგომარეობა, თუ არ არის ტოტალური უმწეობა, ტოტალურად გონების დაკარგვა“, - ამბობს პატარაია.

ასეთ საქმეებზე რთულია მტკიცებულებების მოგროვებაც. „სპაიკინგისთვის“ გამოყენებული ნივთიერებები, როგორც წესი, 24 საათის შემდეგ გამოდის ორგანიზმიდან და აღარ ტოვებს კვალს. ქალები კი ხშირად ექსპერტიზას დაგვიანებით მიმართავენ.

მნიშვნელოვანია ბიოლოგიური კვალი სხეულზე და ტანსაცმელზე. თუმცა აქაც ექსპერტიზას აქვს ვადები.

პოლიციაში მივედი, მითხრეს რთულად დასამტკიცებელი საქმეაო
- ლილე, მსხვერპლი

„გარკვეული კვალი ქრება - დაზიანებებიც ქრება, სპერმაც რაღაც პერიოდის შემდეგ. ჯობია ქალმა არ დაიბანოს. იმიტომ, რომ მისი სხეული არის დიდი ინფორმაციის მატარებელი. შხაპით კი სხვა ადამიანის კვალი შეიძლება უბრალოდ ჩამოიბანო. სხეული იმახსოვრებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერად მოხდეს ექსპერტიზები. მაგრამ ძალიან რთულია გაუპატიურებულ ქალს უთხრა, არ იბანაო, იმიტომ, რომ პირველადი რეფლექსი არის სწორედ ამ „ჭუჭყის“ ჩამობანა“, - ამბობს ბაია პატარაია.

„საფარი“ და ქალთა უფლებადამცველები მოითხოვენ, კანონი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ფორმულირებით: „თანხმობის გარეშე შეღწევა არის გაუპატიურება“, ხოლო ძალადობა უნდა გადავიდეს დამამძიმებელი გარემოებებში.

„ძალიან უსამართლობაა, მსხვერპლს მოსთხოვო, რომ გაუპატიურებასთან ერთად, იყოს ნაცემიც! მაშინ, როცა ასეთ დროს ადამიანი ფიქრობს გადარჩენაზე და იმაზე, რომ არ მოკლან“, - ამბობს პატარაია.

***

გამოიჩინე მეტი სიფრთხილე, ნუ დატოვებ სასმელს უყურადღებოდ და ნუ აიღებ უცხო ადამიანის მოწოდებულს, ნუ იქნებით მარტო და დააკვირდი საკუთარ მდგომარეობას - ურჩევენ ქალებს, რომელთაც ისევ თავად უწევთ დამატებითი უსაფრთხოების ზომებზე ზრუნვა.

ლილემ არ იცის, კიდევ შეძლებს თუ არა კლუბში წასვლას.

„აღარ მაქვს განცდა, რომ შეიძლება სადმე უსაფრთხოდ ვიყო“, - ამბობს ის.