Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კაფე გალერი” გაიხსნა, კლუბი “ბასიანი” კვლავ დაკეტილი რჩება


“კაფე გალერი”
“კაფე გალერი”

22 მაისს, ნაშუადღევს, ოფიციალურად გაიხსნა “კაფე გალერი”, რომელიც სამართალდამცველებმა ათი დღის წინ დალუქეს საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად.

კლუბ “გალერის” დამფუძნებელი ალექსანდრე ანთიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კლუბის გახსნის ნებართვა მან 22 მაისს 12 საათზე მიიღო, რის შემდეგაც პოლიციელებთან ერთად დაათვალიერა ყველა ოთახი და კლუბი ნორმალურ მდგომარეობაში ჩაიბარეს:

“ვერ აღმოვაჩინეთ დაზიანებული ნივთები, ყველაფერი მოხდა, როგორც წესი და რიგია, არანაირი დარღვევა ან ზეწოლა პოლიციის მხრიდან არ ყოფილა. შედგა ოქმი, მოვაწერეთ ხელი და შემოვედით”.

“კაფე გალერი”
“კაფე გალერი”

“კაფე გალერი” დაკეტილი იყო 12 მაისის შემდეგ. ამ დღეს აქ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შევიდნენ ნარკოტიკების გასაღების საწინააღმდეგო ოპერაციის ჩასატარებლად. კლუბის დამფუძნებელი იმ ღამეს იქ არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ვაჭრობა ჩანდა, მან კლუბის საპირფარეშოს სივრცე ამოიცნო, თუმცა არ იცის, კონკრეტულად რას ყიდდნენ ამ სივრცეში:

“ნარკოტიკები, როგორც ვიცი, ოპერაციის დღეს არ ამოუღიათ. იმ საღამოს მე აქ არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ ბევრი დაყრილი ნარკოტიკები იპოვეს, რაზეც ამბობენ, სტუმრებმა დაყარესო.

იმ დღეების განმავლობაში, რაც კლუბი დაკეტილი იყო, ცხადია, ბიზნესს ზარალი მიადგა, მაგრამ, ალბათ, ობიექტური მიზეზი ქონდათ, გამოძიება მიმდინარეობდა, აინტერესებდათ, რა ხდებოდა და, შესაბამისად, ჩვენც ხელს ვუწყობდით. კარგია, რომ მალე მორჩა”, - ამბობს ალექსანდრე ანთიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ობიექტს სრული დატვირთვით ასამუშავებლად რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას.

“კაფე გალერი”
“კაფე გალერი”

“კაფე გალერის” დამფუძნებელი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. იკითხება მისი მენეჯერი ვიოლეტა ყოლბაია. გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაიწყებენ თუ არა სამართლებრივ დავას მიყენებული ზარალის, შებღალული რეპუტაციის ან სტუმრების დარბევის გამო, აქამდე არ მიუღიათ, თუმცა ჯერჯერობით ამ გზით წასვლას არ ფიქრობენ.

ამ დრომდე დაკეტილი რჩება 12 მაისს დალუქული კლუბი „ბასიანი”, რომლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზვიად დევდარიანმა, 22 მაისს დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ ამ დრომდე დაკეტილი “ბასიანი” უმყარებს ეჭვებს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბ “ბასიანში” საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, კლუბის გახსნა მის დასრულებაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG