თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მეტროსადგურ "გოცირიძის" რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია. სადგური ამ დრომდე ვერ იღებს მგზავრებს, რისი მიზეზიც, როგორც მერმა განმარტა, სამუშაოების ჩაბარების პროცესია.
"გოცირიძის მეტროში სამუშაოები დასრულებულია. ეს არის მეხუთე კატეგორიის შენობა-ნაგებობა და მას ექსპლუატაციაში იღებს ეკონომიკის სამინისტრო. მიმდინარეობს პროცედურები და როგორც კი დასრულდება, შესაძლებელი იქნება ისარგებლოს", - თქვა თბილისის მერმა.
სადგური ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება.
ასევე ნახეთ როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე"? - ბოლო შეთანხმებით სამუშაოები დღეს უნდა დასრულებულიყოპირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ საქართველოში უცხოური საწარმოს, შპს "კაიზენის" ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა.
სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს "სამშენებლო კომპანია მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.