„პირადად კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემს ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში" - ვაკის პარკის მებაღე

დევი მეზურნიშვილი, ვაკის პარკის უფროსი მებაღე

ვაკის პარკის უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც 13 ოქტომბერს შადრევნის აუზიდან ბავშვები ამოიყვანა, „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ პირადად კახა კალაძემ თბილისში მშენებარე ბინა აჩუქა. როგორც ის აღნიშნავს, მალე მის ოჯახს ბინა სრულიად გარემონტებული ჩაბარდება.

„წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას.

მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.

ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ. სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც", - წერს დევი მეზურნიშვილი.

ასევე ნახეთ შადრევნისკენ არ გაიქცე! - გოგონა და "მკვლელი" შადრევანი

თბილისის მერიის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ამ თემაზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, როგორც პოსტიდან ჩანს, ბინა საბიუჯეტო თანხით არ არის შეძენილი და პირადია.

დევი მეზურნიშვილმა კი გვითხრა, მართალია, იცის, სად მდებარეობს ბინა, თუმცა რაც დაწერა იმაზე მეტს ვერ იტყვის.

2020 წლის დეკემბერში კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომელთა ფოტომაც აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის შემდეგ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

ასევე ნახეთ კახა კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილს აფრიკის დასახლებიდან

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, განახლებული შადრევნის გახსნის მეორე დღეს, სამ ბავშვს დენმა დაარტყა, რომელთაგან ერთი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ასევე ნახეთ სამხარაულის ბიურო ვაკის პარკის შადრევანზე - რას მიაგნეს ექსპერტებმა

„ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე" დაკავებულ ცხრა პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებები მოიცავს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების მუხლებს.